ახალი ამბები

კაცს, რომელმაც ქალს ცეცხლი წაუკიდა, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1 ივლისი, 2020 • 1105
კაცს, რომელმაც ქალს ცეცხლი წაუკიდა, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

დაკავებულს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

როგორც უწყება აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს  განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა მსხვერპლი გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ კი მას ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ქალმა მიიღო მრავლობითი დამწვრობა და ძლიერი შოკი.

სამართალდამცველებმა შ.გ. ცხელ კვალზე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება  16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი