ნეტგაზეთი | საზმაუს ბორდის წევრი მძინარშვილი მაღლაფერიძის ნათლულია, ის პრობლემას ვერ ხედავს საზმაუს ბორდის წევრი მძინარშვილი მაღლაფერიძის ნათლულია, ის პრობლემას ვერ ხედავს – Netgazeti

საზმაუს ბორდის წევრი მძინარშვილი მაღლაფერიძის ნათლულია, ის პრობლემას ვერ ხედავს

ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარიშვილი, რომელიც დღეს, პირველ ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად დაამტკიცეს, ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მისი ნათლიაა.

მძინარიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ მაღლაფერიძე მისი ნათლიაა, ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოადგენს და ამასთანავე, არ არღვევს კანონს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევენ.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ აჩენს ეს გარკვეულ ეჭვებს, მძინარაშვილი გვპასუხობს:

„ეს ეჭვებს აჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც თვითონ აქვთ გონება ამგვარად მოწყობილი, რომ შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო, რასაც მანამდე შევსწრებივართ წლების განმავლობაში იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. ამაზე თვალს ხუჭავდნენ იმიტომ, რომ სამსახური არ დაეკარგათ.

მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი შეფასებებში და არც ამჯერად ვაპირებ თვალი დავხუჭო იმაზე, რაც მიუღებლად მიმაჩინა“, – ამბობს მძინარიშვილი.

კითხვაზე, უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში თუ მიაჩნია რაიმე მიუღებლად ან/და პრობლემურად, ის გვპასუხობს:

„ჯერ არაფერი, არ ვყოფილვარ ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც მივალ და გავრკვევი, შიგნით რა ხდება, ამის შემდეგ ვუპასუხებ ამგვარ შეკითხვებს“.

სამეურვეო საბჭო არის ორგანო, რომელიც ამტკიცებს მაუწყებლის დირექტორს, ასევე, პრობლემის შემთხვევაში აყენებს მისი იმპიჩენტის საკითხს.


დღეს, პირველ ივლისს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 კანდიდატი აირჩია: „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი გია მურღულია.

ვასილ მაღლაფერიძესთან ახლო მეგობრობა გასაუბრების ეტაპზევე დაადასტურა გია მურღულიამაც.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი საზმაუს ბორდის არჩეულ წევრებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან