ახალი ამბები

რუსთაველის სკოლა-ლიცეუმმა ავტორიზაციის გაუქმება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა

1 ივლისი, 2020 • 1423
რუსთაველის სკოლა-ლიცეუმმა ავტორიზაციის გაუქმება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა

რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა, რომელსაც მაისში ავტორიზაცია შეუჩერეს, გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას უსამართლოდ, მიკერძოებულად მიიჩნევს და ავტორიზაციის აღდგენას მოითხოვს.

“ექსპერტების მიერ მონიტორინგის შედეგად მომზადებულ იქნა მიკერძოებული და არაობიექტური დასკვნა, რომელიც არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ საბჭოს სხდომის გამართვამდე წარადგინა დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ მომხდარა სკოლის პოზიციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და გაზიარება”, – აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ პრესრელიზში.

სკოლაში ასევე ჩივიან, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, არ მიეცათ საშუალება, საკუთარი ინტერესები დაეცვათ სხდომაზე, რომელზეც მისი ავტორიზაციის საკითხს განიხილავდნენ. სკოლა-ლიცეუმის ხელმძღვანელობის აზრით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე იყო “სრულიად შეუსაბამო და არაპროპორციული ზომა, თვით ექსპერტთა დასკვნით გათვალისწინებულ ტექნიკურ ხარვეზებთან მიმართებაშიც კი”.

“საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დაირღვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გასათვალისწინებელი ყველა სავალდებულო პრინციპი, მათ შორის კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვის დაუშვებლობა, მხარისათვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭების ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღების დაუშვებლობა და ა.შ.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად განსხვავდებოდა მსგავს მოცემულობაში სხვა სკოლების მიმართ მიღებული გაცილებით ლმობიერი გადაწყვეტილებებისაგან”, – აღნიშნავს ადმინისტრაცია.

რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა, 270 მოსწავლე სწავლობს და 70-მდე პედაგოგია დასაქმებული. დაწესებულებამ ბოლო ავტორიზაცია 2017 წელს გაიარა.

“სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა დაარსების დღიდან დღემდე ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა მქონე სკოლა, რომლის მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით”, – წერს სკოლის ხელმძღვანელობა.


შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია 15 მაისს შეუჩერა. უწყებამ თავისი გადაწყვეტილება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებით ახსნა.

ლიცეუმი ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

ვრცლად, წაიკითხეთ:

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი