ახალი ამბები

სასამართლომ იუსტიციას შენგელიასთვის სანოტარო პროგრამაზე წვდომის აღდგენა დაავალა

1 ივლისი, 2020 •
სასამართლომ იუსტიციას შენგელიასთვის სანოტარო პროგრამაზე წვდომის აღდგენა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

აღნიშნული განჩინება ძალაშია, სანამ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაზე ბაჩანა შენგელიას სარჩელს არსებითად არ განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა და იუსტიციის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავობს, რომლის საფუძველზეც სანოტარო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ სანოტარო რეესტრზე წვდომა შეუჩერდა.

ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი