ახალი ამბები

“ოცნებასთან” კოალიციას არ შევქმნი, შექმნის ბოკერია – ელისაშვილი

30 ივნისი, 2020 • 1745
“ოცნებასთან” კოალიციას არ შევქმნი, შექმნის ბოკერია – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის თქმით, არასდროს შექმნის კოალიციას “ქართულ ოცნებასთან”, თუმცა, მისი აზრით, ამ ნაბიჯს “ევროპული საქართველო” გადადგამს. ამის შესახებ ელისაშვილმა “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობით ვერ მოვა “ქართული ოცნება”, ვინ შეუქმნის მას კოალიციას, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის ამას არ გააკეთებს, თუმცა გააკეთებს “ევროპული საქართველო”:

“მე არვითარ შემთხვევაში არ შევუქმნი კოალიციას, მაგრამ გეტყვით, ვინც შეუქმნის, გიგა ბოკერია და მისი პარტია, რომელიც მშვენივრად არის შეთამაშებული ამ ხნის განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

მე შეიძლება გაუგებრად ვლაპარაკობ, ვიღაცა ამბობს, რომ ბაზრის კაცივით ვლაპარაკობ, მაგრამ როგორიც ვარ, ისეთი ვარ. მე ვარ ჩემი პრინციპების ერთგული ადამიანი. ცუდი პოლიტიკოსი ვარ თუ კარგი პოლიტიკოსი, რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ და მაქვს გაცხადებული ჩემი პრინციპები. მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა “ქართული ოცნების” არჩევნების გზით გაშვება და, შესაბამისად მე არავითარ შემთხვევაში არ დავეხმარები “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის შექმნაში. გამორიცხულია. ამ სიტყვის ერთგული ვიქნები ბოლომდე იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ისეთ ძალებთან ერთად ისურვებდა კოალიციაში ყოფნას, ვისაც “წარსული არ ამძიმებთ”. ელისაშვილის განმარტებით, არასდროს შექმნის კოალიციას პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან, “ქართულ ოცნებასთან” და მიხეილ სააკაშვილთან.

ელისაშვილის კომენტარს ამავე გადაცემაში უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ელისაშვილს ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს:

“მე და ჩვენ, “ევროპული საქართველო”, როდესაც ვაკრიტიკებთ ბატონ ელისაშვილს და ნებისმიერ სხვას, ვეყრდნობით ფაქტებს. ბატონმა ელისაშვილმა შალვა შავგულიძეს მხარი არ დაუჭირა მეორე ტურში [მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში]. ჩვენ ოპოზიციას ყოველთვის ვუჭერთ მხარს, ჩვენც რომ არ ვიყოთ მეორე ტურში. არა იმიტომ, რომ ვინმეს გვინდა ვასიამოვნოთ ან კარგად გამოვჩნდეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ღრმა რწმენა, რომ “ოცნების” დამარცხება მშვიდობიანად და არჩევნების გზით არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა, ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისეთ ხალხსაც კი, ვინც ბევრ საკითხში არ მოგვწონს და არ არის წითელ ხაზებს მიღმა, მხარს ვუჭერთ.

ადამიანი, ვინც ასე ყოფს საზოგადოებას და თან ლაპარკობს, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ უნდა იყოს და კოალიციური უნდა იყოსო, იმ კოალიციურში როგორ უნდა შეუთანხმდე ხალხს, თუ ასე დაყოფ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით “ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას არასდროს შექმნის, რადგან  ქვეყნისთვის საფრთხედ მიაჩნია. იმ შემთხვევაში კი, თუ ელისაშვილი კოალიციაში არავისთან არ შევა, “ქართული ოცნებისთვის” მოუწევს მხარის დაჭერა.

გრიგოლიას კითხვაზე, თამაშობს თუ არა ელისაშვილი “ოცნების თამაშს”, ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს ასეა და ამას ფაქტების გათვალისწინებით ამბობს. თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ელისაშვილი “ოცნების პროექტი”, ბოკერიამ უპასუხა, რომ ამას არ გულისხმობს”

“მე ასეთ ტალახს არ ვისვრი, რომ ვინმე ვინმეს ჯაშუშია, მე ვლაპარკობ შედეგებზე. ოპოზიციას შორის კოორდინირება თბილისში მაჟორიტარებზე არის ეროვნული ამოცანა იმისთვის, რომ პირველივე ტურში დავამარცხოთ ივანიშვილი და ქვეყნისთვის რისკები შევამციროთ. ადამიანი, რომელიც ჯერ ამ მოლაპრაკებებში შემოდის, ითხოვს ორ ადგილს და როცა ვერ მიიღებს მეორე ადგილს ლოგიკურად, რადგან იმ ოლქში, სადაც მას იოსელიანი უნდა, შავგულიძემ 6:1 მოუგო, ამაზე ისე ბრაზდება, რომ გადის და ტალახს ისვრის. ამას რა ჰქვია, თუ არა უსინდისობა. თუ დოქტრინა გაქვს, რომ თავისთავად ამ მოდელს ებრძვი და ტალახს ასხამ ოპოზიციას შორის კოორდინირებას, აკეთებ ივანიშვილის საქმეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი