ახალი ამბები

Remdesivir-ის ერთი დოზა განვითარებული ქვეყნებისთვის $390-520 ეღირება

30 ივნისი, 2020 • 2976
Remdesivir-ის ერთი დოზა განვითარებული ქვეყნებისთვის $390-520 ეღირება

ფარმაცევტული კომპანიის, Gilead-ის პრეპარატი რემდესივირი განვითარებულ ქვეყნებში 3120 დოლარი ეღირება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოემის ცნობით, პრეპარატის 1 დოზას კომპანია კერძო და საჯარო სექტორისთვის სხვადასხვანაირად აფასებს: აშშ-ის მთავრობის მიერ პირდაპირი შესყიდვისთვის ერთი დოზა ეღირება 390 დოლარი (2340 დოლარი 5-დღიანი მკურნალობისთვის), ხოლო კერძო სექტორს ერთი დოზისთვის 520 დოლარის (3120 დოლარი 5-დღიანი მკურნალობისთვის) გადახადა მოუწევს.

თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის (რომელთა რიგშიც საქართველოც შედის) ფასი დაბალი იქნება, რათა საჭირო არ გახდეს მოლაპარაკებები და, შესაბამისად, პრეპარატის მიწოდება არ შეფერხდეს.

რა არის რემდესივირი?

რემდესივირი ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აშშ-ში მოქმედმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, გილეადმა დაამზადა. ეს ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებს.

„მეორე სიცოცხლე“ პრეპარატმა კორონავირუსის პანდემიისას შეიძინა. მის წარმატებას მეცნიერები იმიტომ ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა პრეპარატმა იმედის მომცემი შედეგები აჩვენა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) პრევენციაში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის სამედიცინო საკითხებში, აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ცდების მონაცემები „საკმაოდ კარგი ამბების“ მაუწყებელია.

ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა „კარგად გამოკვეთილი დადებითი ეფექტი, რომელიც გამოიხატება გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირებაში“.

კომპანია “გილეადის” მედიკამენტი რემდესივირი აშშ-ის “საკვებისა და წამლების ადმინსიტრაციამ”(FDA) COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა, თუმცა იმ დათქმით, რომ რემდესივირს გამოიყენებენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ.

გაიგეთ მეტი პრეპარატზე ჩატარებული კვლევების შესახებ:

რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი