საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას ეხმაურება. კინზინგერი მხარეებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება და მადლობას უხდის საქართველოში აშშ-ის საელჩოს ამ პროცესში გაწეული მუშაობისთვის.

“ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდი მათ, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესის დასრულებაში. კვლავ მოვუწოდებ შეთანხმების მონაწილე მხარეებს, სრულად შეასრულონ 8 მარტის ხელშეკრულება. მადლობას ვუხდი აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ელჩ დეგნანს გაწეული შრომისა და მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის”,-წერს კინზინგერი ტვიტერზე.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით  ჩატარდება.

კერძოდ, დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:

  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი;
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას;
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული;
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა;
  • იცვლება ოლქების განაწილება;
  • მარტივდება პარტიების რეგისტრაციის წესი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომელიც წარადგენს 5 ათას ხელმოწერას. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება კვალიფიციური სუბიექტის მქონე 19 პარტია და ყველა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან ბლოკთან ერთად ბოლო არჩევნებზე 15 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული;
  • თუ 2024 წლამდე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება 2020 წელს მიღებული სისტემით და რიგგარეშე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 2024 წლის ოქტომბრამდე. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.