ახალი ამბები

“მიუხედავად შეთანხმებისა, რურუა ჯერ კიდევ რჩება პატიმრობაში” – აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორება

26 ივნისი, 2020 • 1263
“მიუხედავად შეთანხმებისა, რურუა ჯერ კიდევ რჩება პატიმრობაში” – აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორება

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა აშშ-ის თავდაცვის აქტში შესატანი შესწორება წარადგინა, სადაც საუბარია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების შესახებ, ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებსა და “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას პატიმრობაზე.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მისი მიზანია გამოხატოს სენატის დამოკიდებულება საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ.

სენატორ რიშის შესწორებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ 1992 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, აშშ-დან დახმარების სახით 4.2 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, მათ შორის, 732 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება.

სენატორი რიში მიმოხილავს საქართველოში მიმდინარე ძირითად პოლიტიკურ და სამართლებრივ მოვლენებს, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას დაკავებას, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებას.

“2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, მან თქვა, რომ “არ დაუშვებდა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული შეთანხმება მათი მიზეზით ჩაშლილიყო”.

მიუხედავად შეთანხმებისა, გიორგი რურუა ჯერ კიდევ რჩება წინასწარ პატიმრობაში.

ქართული ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის, ბატონ რურუას გათავისუფლებას და ეს არის მათი წინაპირობა, რათა მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დადებულ შეთანხმებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.


რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, “ევროპული საქართველო” და ენმ აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა 29 ივნისს არის დაგეგმილი.

ვინ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის შეცვლას II მოსმენით

მასალების გადაბეჭდვის წესი