ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომს” 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაძვირების უფლება არ მისცა

26 ივნისი, 2020 • 1503
კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომს” 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაძვირების უფლება არ მისცა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომპანია “მაგთიკომს” 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის, “მარტივი 25-ის” 5 ლარით გაძვირების საშუალება არ მისცეს.

კომისიის ცნობით, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. როგორც მარეგულირებელი აცხადებს, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ “მაგთიკომის” მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, “მარტივი 25-ის” გაუქმება და “მარტივი 30-ის” შემოღება ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას.

“კვლევამ აჩვენა, რომ “მარტივი 25” “მაგთიკომის” ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ. შესაბამისად, “მაგთიკომის” მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30- ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ როგორც “მარტივი 25-ის” გაუმჯობესებული ვერსია, ისე დაანონსდა, სინამდვილეში, მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან”, – აცხადებს კომუნიუკაციების კომისია.

მარეგულირებლისვე ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორივე შეთავაზების პირობებში, 30-ლარიანი პაკეტი მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მომხმარებელი უპირატესობას კვლავ 25-ლარიან პაკეტს ანიჭებს. შესაბამისად, “მარტივი 25-ის” გაუქმება აბონენტების დიდი ნაწილისთვის ბაზარზე არსებული მომსახურებების არჩევანის შეზღუდვას და მომსახურების გაძვირებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი