ახალი ამბები

PHR პოლიციის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს

26 ივნისი, 2020 • 1115
PHR პოლიციის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) თბილისში ბავშვზე პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე საუბრობს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც PHR-ის შეფასებით პრობლემურია.

PHR-ის თანახმად, 2020 წლის 18 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბავშვი, რომელიც დედის დასახმარებლად მიდიოდა, უსაფუძვლოდ გააჩერეს. მათ ბავშვისთვის არ წარუდგენიათ ვინაობა და არც გაჩერების მიზეზი აუხსნიათ. მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზეც მოზარდმა უპასუხა, რომ იყო არასრულწლოვანი და პირადობის მოწმობა ჯერ არ ჰქონდა აღებული.

“მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ უსაფუძვლოდ შეჩერებული პირი იყო ბავშვი, კვლავ გააგრძელეს ჩვენი შეფასებით უკანონო ქმედებები. კერძოდ,  საფუძვლის გარეშე ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და  სცადეს ფოტოსურათის გადაღება. მას შემდეგ, რაც ბავშვმა მათ შესაბამისი საფუძვლის მითითება მოსთხოვა, პოლიციელები გაღიზიანდნენ და დაემუქრნენ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით. ბავშვმა მათ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა მისი მშობელი (დედა) და მასთან ერთად დალაპარაკებოდნენ. პოლიციელები არ დაელოდნენ ბავშვის მშობელს. ამასთანავე, არ მიუღიათ რაიმე ზომა სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით და, სავარაუდოდ, უკანონო ძალის გამოყენებით შეეცადნენ ბავშვის მანქანაში ჩასმას.  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებდნენ შეკრებილი მოქალაქეებიც, სამართალდამცავები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით ბავშვის მანქანაში ჩასმას. საბოლოოდ ბავშვმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო განრიდებოდა პოლიციელებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

PHR-ის განმარტებით, პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, უკანონო ძალის გამოყენების შედეგად ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა, სადაც დაფიქსირებულია შემთხვევის მიმდინარეობა. მომხდარს ჰყავს ათეულობით თვითმხილველი,  მოქალაქის მიერ ასევე მოხდა ინციდენტის ვიდეოგადაღება.  ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

“PHR-მა საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა, შესაბამისად, არ მომხდარა მტკიცებულებათა მოპოვება.

ვინაიდან საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

PHR აგრძელებს ბავშვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მივაწოდებთ დეტალურ ინფორმაცია პროცესების განვითარების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია ამგვარი ქცევა სამართალდამცველების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ, რაც უკვე სცდება ინდივიდუალურ შემთხვევებს და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულ ფაქტებს აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, რათა ყველა ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს განუხრელად დაცული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი