ახალი ამბები

კორუფციის პრევენციის მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სასამართლოს აქვს – TI-ის კვლევა

26 ივნისი, 2020 • 1444
კორუფციის პრევენციის მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სასამართლოს აქვს – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს – სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას – აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლობული საბოლოო ქულა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სასამართლო სისტემას აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი შედეგი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც კორუფციასთან ბრძოლის, ასევე დემოკრატიის მხრივაც.

“პარლამენტისა და სასამართლო სისტემის სისუსტე ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას. პარლამენტისა და სასამართლოს პრობლემები, თავის მხრივ, დიდწილად გამოწვეულია ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხით და მმართველი პარტიის, ფაქტობრივად, სრული კონტროლით საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე”, – განმარტებულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მსგავსი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკური კონკურენციის სისუსტეა, რისი საფუძველიც მმართველი პარტიის მხრიდან სხვადასხვა რესურსზე პრივილეგირებული წვდომაა. გარდა ამისა, კვლევაში განმარტებულია, რომ ამის მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების უუნარობაა, რომ მოახდინონ ქმედითი რეაგირება საარჩევნო დაფინანსსებების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვიის შემთხვევებზე. კვლევაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ კორუფციას საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განმარტებით, კანონით განსაზღვრული წესები ამ ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავდება პრაქტიკაში განხორციელებულისგან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად, ინსტიტუტების ეფექტიანობა იმაზე დაბალია, ვიდრე ეს მათი საერთო ქულიდან ჩანს. მაგალითისთვის, სასამართლო სისტემის კანონით განსაზღვრული ქულაა 66.6, ხოლო პრაქტიკაში ეს შედეგი 33.3-ს შეადგენს.

კვლევაში  წლევანდელი შედეგები შედარებულია 2015 და 2011 წლის შეფასებებთან. შედეგების მიხედვით, 2015 წლის შეფასებასთან შედარებით, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაუარესებულია მთავრობის, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების საერთო ქულები, მნიშვნელოვანი პროგრესი კი მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან აღინიშნება.

12 ინსტიტუტის შეფასება

რაც შეეხება 12 შეფასებულ ინსტიტუტს ცალ-ცალკე, კველვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკაში დაბალია და, შესაბამისად, სუსტია საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

“პარლამენტი სათანადო ყურადღებას არ უთმობს ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე რჩება თავად პარლამენტის წევრთა მიერ ანტიკორუფციული ნორმების დარღვევის შემთხვევები. პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებო ბაზა მთლიანობაში გამართულია, თუმცა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს პარლამენტი საკმარისად ეფექტიანად არ იყენებს”, – წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა პრაქტიკაში დამოუკიდებელი არ არის მის საქმიანობაზე არაფორმალური გარე ზეგავლენის გამო. ასევე, შეფასებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთავრობაში ინტერესეთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ნორმებს შეიცავს, თუმცა ეს ნორმები პრაქტიკაში არ სრულდება. ამასთან, მთავრობაში კორუფციის შესაძლო შემთხვევები გამოუძიებელი რჩება. ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არასაკმარისად მიიჩნევს მთავრობის ძალისხმევას, დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების და საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.

“მიუხედავად კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებებისა, სასამართლო ხელისუფლება პრაქტიკაში დამოუკიდებელი არ არის: ადგილი აქვს როგორც გარე აქტორების არაჯეროვან გავლენას სასამართლოზე, ისე თავად სასამართლოს შიგნით ერთი ჯგუფის (ე.წ. კლანის) ზემოქმედებას სხვა მოსამართლეებზე. სასამართლო სისტემაში გაუმჭვირვალედ მიიღება ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნა. არ არის უზრუნველყოფილი მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება კანონის შესაძლო დარღვევების (მათ შორის კორუფციის შესაძლო შემთხვევების) გამო. მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ხშირად დაუსაბუთებელია”, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება საჯარო სამსახურს, კვლევაში წერია, რომ მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვან ნორმებს შეიცავს საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად, თუმცა პრაქტიკაში საჯარო სამსახური დამოუკდიებელი არ არის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ ექცევა. ასევე კვლავ არსებობს კორუფციის მნიშვნელოვანი რისკები სახელწიფო შესყიდვების სისტემაში.

დამოუკიდებლობის ხარისხის ნაკლებობაზეა საუბარი სამართალდამცავ ორგანიებთანაც, რის მიზეზადაც კვლევაში მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პარტიული და არაფორმალური გავლენაა დასახელებული.

“მათი თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევები და დანაშაულები (მათ შორის კორუფციის შესაძლო შემთხვევები) ხშირად ქმედითი რეაგირების გარეშე რჩება”, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო აუდიტის სამსახური , თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საჯარო უწყებები ხშირად არ ასრულებენ სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ნაკლებად ეფექტიანია სამსახურის მიერ განხორციელებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, არჩევნების დროს.

ასევე, სხვა ინსტიტუტებთან შედარებით, დადებითად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, თუმცა დოკუმენტში განმარტებულია, რომ მაინც არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის მხრივ, ხოლო საარჩევნო საჩივრები ყოველთვის სათანადოდ არ განიხილება. ასევე, ადმინისტრაციის რიგი გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას.

“ბოლო წლებში გამოვლინდა ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევისას.”, – აღნიშნულია კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, სახალხო დამცველის საქმიანობა დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

კვლევის მიხედვით, კანონმდებლობის მიუხედავად, პოლიტიკური კონკურენციის მიმართულებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის რესურსების მხრივ დიდი უთანასწორობაა. კვლევაში განამრტებულია, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირად რეაგირების გარეშე რჩება. სამართალდამცავი უწყებები და სასამართლოები ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევითად იყენებენ კანონს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, პრობლემები იკვეთება დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების მიმართულებით და სუსტია პოლიტიკური პარტიების შიდადემოკრატიული მმართველობის პროცედურები და პარტიების კავშირი ფართო საზოგადოებასთან.

რაც შეეხება მედიის საქმიანობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის გამართულობის მიუხედავად, პრაქტიკაში დაბალია სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი გავლენიანი მედიის დიდ ნაწილში, მათ შორის კი, საზოგადოებრივ მაუწყებელში.

გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პოლიტიკური გავლენა და პოლარიზაცია ამცირებს მედიის უნარს, მოქალაქეებს სანდო ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობის საქმიანობისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ამასთან, კვლევის მიხედვით, მედიის დიდ ნაწილს რესურსებზე გრძელვადიანი და სტაბილური წვდომის მხრივ პრობლემები ექმნებათ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კანონმდებლობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფუძნება მარტივია და ასევე კანონით უზრუნველყოფილია მათი დამოუკიდებლობაც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ხშირად უგულებელყოფილია მათი კვლევები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ და სიტყვიერად აგრესიას გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიებს.

ბიზნესის ოპერირებისთვის ხელსაყრელი გარემოს შეფასებისას, კვლევაში აღნიშნულია, რომ როგორც სხვა ინსტიტუტების შემთხვევაში, კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც უფრო დახვეწილია, ვიდრე პრაქტიკა. გარკვეულ შემთხვევებში ხელისუფლების ბიზნესზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას ახდენს. ასევე არ არის უზრუნველყოფილი კომპანიების ბენეფიციარ მფლობელთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ასევე სუსტია ბიზნესის ჩართულობა ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და კავშირი ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რაც აფერხებს ერთობლივი ინიციატივების (მათ შორის ანტიკორუფციული ინიციატივების) განხორციელებას.

რეკომენდაციები

კვლევის მიგნებების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შემდეგი რეკომენდაციები მოამზადა:

  • ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირებისა და საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის წახალისება, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმირების გზით.
  • უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს ამ ნორმების დარღვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ქმედითი სისტემის შექმნას.
  • ვინაიდან არსებული სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში ვერ ხერხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან. ეს სააგენტო შეიძლება იყოს მრავალფუნქციური და გამოძიების პარალელურად, კორუფციის პრევენციისა და პოლიტიკის დაგეგმვის ფუნქციებიც შეითავსოს.
  • რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან და უზრუნველყოს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება და დაწინაურება პრაქტიკაშიც მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდეს.
  • უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში, რაც მისი წევრების სისტემიდან გათავისუფლებას საჭიროებს.
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერ სახის ზეწოლისგან, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობები და დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის მეთოდოლოგია ინსტიტუტების შეფასებას შემდეგი ინდიკატორების საშუალებით გულისხმობს: დამოუკიდებლობა, რესურსები, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება და მათი როლი კორიფციასთან ბრძოლაში. კვლევაში ასევე ცალ-ცალკე არის შეფასებული ინსტიტუტის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და იმავე ინსტიტუტის საქმიანობა პრაქტიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი