ახალი ამბები

მე ნამდვილად ვიცი, რომ თავისუფალი ვარ გავლენებისგან – ირინა იმერლიშვილი

25 ივნისი, 2020 •
მე ნამდვილად ვიცი, რომ თავისუფალი ვარ გავლენებისგან – ირინა იმერლიშვილი

საკონსტიტუციოო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური გავლენებისაგან სასამართლო თავისუფალი, პირდაპირი პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ყველა მოსამართლე ინდივიდუალურად იქნება თავისუფალი.

“პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. მე ნამდვილად ვიცი, რომ თავისუფალი ვარ ასეთი გავლენებისგან. ჩვენ ვართ ინდივიდუალური მოსამართლეები და გვაქვს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, თუმცა ყოფილა ხშირად, რომ მარტოსაც დამიფიქსირებია განსხვავებული პოზიცია და ამის უხერხულობა არ გამჩენია. შესაბამისად, ყველამ თავის გადაწყვეტილებაზე უნდა აგოს პასუხი”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

იმერლიშვილის თქმით, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას, ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და, შესაბამისად, ყველა მათგანი თავადაა პასუხისმგებელი არ გადაწყვეტილებაზე.

“მე ჩემს გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხისმგებელი. ის, რომ ჩემი კანდიდატურა იყო დაყენებული და ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის მიუხედავად, რომ ხმათა ბალანსი პრაქტიკულად წინასწარ იყო ცნობილი წარდგინებების შესაბამისად…”, – განმარტა იმერლიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაძლიერდა თუ არა ამ გადაწყვეტილებით მოსამართლეთა ე.წ. კლანი, იმერლიშვილმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოირჩევა იმით, რომ არის განსხვავებული შეხედულებები.

“მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული [ჩემი კანდიდატურის დაყენებით]. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი პრაქტიკულად ცნობილი იყო და ვისაც გვქონდა განსხვავებული პოზიციები, ამ პოზიციების დაფიქსირება გახდა ჩემი გადაწყვეტილებით შესაძლებელი”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

დღეს, 25 ივნისსს მოსამართლეების პლენუმზე, დახურულ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ირინა იმერლიშვილი იყო, მან ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი