ახალი ამბები

ნათია კაპანაძის კანდიდატურის წარსადგენად ბუკიას ხმაა საჭირო, რომელსაც ვერ ვპოულობთ – გოგორიშვილი

25 ივნისი, 2020 • 1657
ნათია კაპანაძის კანდიდატურის წარსადგენად ბუკიას ხმაა საჭირო, რომელსაც ვერ ვპოულობთ – გოგორიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრის პოზიციაზე “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის კანდიდატურას ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის არაწევრი 13 დეპუტატის ხმა აქვს. პლენარულს სხდომაზე კენჭისყრაზე წარსადგენად საჭირო რაოდენობას 1 დეპუტატის ხმა აკლია და აღნიშნულის უფლებამოსილება მხოლოდ დამოუკიდებელ დეპუტატ გიგა ბუკიას აქვს დარჩენილი, თუმცა მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ ნეტგაზეთს დეპუტატმა, ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.

კაპანაძის კანდიდატურას ამ დროისთვის ოპოზიციიდან 13 დეპუტატი უჭერს მხარს.  ხათუნა გოგორიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ რამდენიმე დღეა, დეპუტატ გიგა ბუკიასთან ცდილობს დაკავშირებას, რათა მოძებნოს მე-14 მხარდამჭერი კანონმდებელი მისი სახით, თუმცა მცდელობა ამ დრომდე უშედეგოა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა ბორდის წევრობის ოთხმა კანდიდატმა. აქედან ერთს მმართველი გუნდი წარადგენს, სამს კი – მის გარეთ მყოფი დეპუტატები.

“13 ადამიანი ვართ ნათია კაპანაძის ხელმომწერნი, მეთოთხმეტეს ვერ ვპოულობთ. ერთადერთი დეპუტატი, ვისაც აქვს ხელმოწერის უფლება, არის გიგა ბუკია, რომელსაც სამი დღეა, ვერ ვპოულობთ. არ გვპასუხობს და ვერსად ვნახეთ.

პროცედურულად, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრების ერთმა მეოთხედმა შეიძლება გააკეთოს წარდგინება. უმრავლესობის გარეთ ვართ დარჩენილი 56 დეპუტატი, რაც ზუსტად იყოფა ოთხზე. ყველამ უნდა გამოიყენოს ხელმოწერის უფლება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მეოთხე კანდიდატის წარდგენა ამ ორ ადგილზე.

მეოთხე კანდიდატზე, ნათია კაპანაძეზე, 13 ხელმოწერაა და მეც მათ შორის ვარ. მე-14, თუ გიგა ბუკია დათანხმდა და ხელი მოაწერა, ასეთ შემთხვევაში მეოთხე კანდიდატიც იქნება წარდგენილი. დღის ბოლომდეა ვადა და ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ იქნებ გიგა დათანხმდეს”, – აღნიშნა გოგორიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეპუტატის თქმით, ესაუბრა გიგა ბუკიას მეგობრებსაც, თუმცა კოლეგასთან კავშირზე ამ დრომდე ვერ გავიდა. ბუკიასთან დაკავშირებას “ნეტგაზეთიც” ცდილობს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ პოზიციაზე მმართველი გუნდი გია მურღულიას კანდიდატურას წარადგენს, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კი- დოდო შონავას, ზაზა აბაშიძესა და ბონდო მძინარაშვილს.

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 14 დეპუტატი წარადგენს “ევროპული საქართველოდან”. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგებლებმა და “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ნაწილმა – ბონდო მძინარაშვილი წარადგინეს, ნაწილმა კი – დოდო შონავას დაუჭირა მხარი. თითოეული კანდიდატის წარდგენის უფლება 14 დეპუტატს აქვს.

დეპუტატები საზმაუს ბორდის წევრობისათვის 4 კანდიდატს წარადგენენ

მასალების გადაბეჭდვის წესი