ახალი ამბები

“პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება აუცილებელია შეთანხმებისთვის” – ევროპარლამენტარი

25 ივნისი, 2020 • 1594
“პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება აუცილებელია შეთანხმებისთვის” – ევროპარლამენტარი

პოლონელი ევროპარლამენტარისა და ქვეყნის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ანა ფოტიგას თქმით, „პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება“ და „8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად „აუცილებელი ნაბიჯებია“.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ესაჭიროება ფართომასთაბიანი მხარდამჭერა როგორც საზოგადოებრივი, ასევე პოლიტიკური სცენის უმრავლესობაში. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია, მათ შორის, პოლიტპატიმარ [გიორგი] რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და დემოკრატიული არჩევნებისკენ გზის გასაგრძელებლად აუცილებელი ნაბიჯებია“, — წერს იგი თავის „ტვიტერის“ გვერდზე.


8 მარტის შეთანხმების მიხედვით, რომლის ფასილიტატორებიც საერთაშორისო პარტნიორების ელჩები იყვნენ, ოპოზიცია და ხელისუფლება შეჯერდა 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე — 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სიით, 30 კი მაჟორიტარული ოლქიდან.

თუმცა, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლება, რომლებიც, ოპოზიციის შეფასებით, „პოლიტპატიმრები“ არიან. მმართველი პარტია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ხოლო ოქრუაშვილის, რურუას და უგულავას გათავისუფლებაზე შეთანხმებაში არაფერი იყო ნათქვამი. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ახალი საარჩევნო სისტემა უნდა დამტკიცდეს, ამჟამად პარლამენტის მიერ მეორე მოსმენითაა მიღებული, თუმცა მას ამ მომენტისთვის ოპოზიცია (ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა) არ უჭერს მხარს, რადგანაც, მათი თქმით, შეთანხმება არაა ბოლომდე შესრულებული.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი