ახალი ამბები

20 ივნისზე პოლიტიკური განცხადებები მიზანშეწონილი არაა, მათ შორის, პრემიერისგან – ლომჯარია

25 ივნისი, 2020 • 1939
20 ივნისზე პოლიტიკური განცხადებები მიზანშეწონილი არაა, მათ შორის, პრემიერისგან – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიებამ მოწმეები კრიტიკულად არ დაკითხა, გამოძიების პარალელურად კი, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილი არაა.

ლომჯარიას  ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დაუსვა კითხვა გიორგი გახარიას განცხადების შესახებ და მისი შეფასება სთხოვა. გახარიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ გასცა ბრძანება და ისროდა თუ არა პოლიცია დამიზნებით 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევისას.

„20 ივნისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით: ამ ეტაპზე რაც შევისწავლეთ, ვფიქრობთ, რომ არ იყო გამოძიება კრიტიკული. კრიტიკულად არ დაიკითხნენ მოწმეები, რაც გამოკვეთდა პასუხისმგებელი პირების როლს აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების პროცესში ან მათი მხრიდან ჩადენილი უმოქმედობის ან გულგრილობის შესახებ“, – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გააქტიურდება და აღნიშნავს, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც გაითვალისწინა.

„პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. მათ შორის, იგივე პრემიერის მხრიდან იმიტომ, რომ ის თავად ფიგურირებს ამ საქმეში და ორჯერ იყო გამოკითხული აღნიშნულ საქმეზე.

ყველამ უნდა შეიკავოს თავი მინიშნებების გაკეთებისგან, თუ რა იქნებოდა სასურველი შედეგი აღნიშნული გამოძიების. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს აღქმული, როგორც ერთგვარი გავლენის განხორციელება ან მოხდენა პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე“, – აცხადებს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი