ახალი ამბები

სუს-ში დამიბარეს, სავარაუდოდ, გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე – კილაძე

24 ივნისი, 2020 • 2042
სუს-ში დამიბარეს, სავარაუდოდ, გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე – კილაძე

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე.

კილაძის თქმით, რამდენიმე საათის წინ დაურეკა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა და 25 ივნისს გამოკითხვაზე დაიბარა.

„დამიკონკრეტა, რომ საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების საქმეს“, – თქვა კილაძემ 24 ინვნისს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას, თუმცა დასძინა, რომ გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რის შესახებ დაუსვამენ კითხვებს.

ჟურნალისტის თქმით, ხვალ, 1 საათზე მივა საგამოძიებო უწყებაში.

კილაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაბარება უკავშირდება წარმოშობით უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

დეინეკამ, რომელიც კილაძემ დაახასიათა, როგორც „პრორუსული განწყობების მქონე“, „იმედს“ უთხრა, რომ „11 თებერვალს საქართველოდან მათ ორი პიროვნება დაუკავშირდა, რომლებმაც გიორგი გაბუნიას, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერის, პოპულარიზაცია სთხოვეს, მასთან საკონტაქტო პირად კი, ელისო კილაძე დაასახელეს“.

„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ რუსული მხარე ცდილობს, შემოიტანოს შეკვეთილი მკვლელობის ვერსია, ოღონდ სხვა მიმართულებით, — თითქოს გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა სხვა ძალების მიერ, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარიყო ქაოსი და მე … დასახელებული ვარ სავარაუდო ქაოსის ერთ-ერთ ორგანიზატორად“, – თქვა ქილაძემ ტვ პირველზე საუბრისას.

„ნეტგაზეთს“ სუს-ში დაუდასტურეს, რომ ელისო კილაძე დაბარებულია ვასამბეგ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით.


ამ საქმეზე 24 ივნისს სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „ტვ პირველის“ მთავარი პროდუსერი, ნოდარ მელაძე.

მელაძის თქმით, სუს-ში ასევე დაბარებულია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ამ სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძეც.


15 ივნისს “ფორმულამ” და შემდეგ “მთავარმა არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მხოლოდ დღეს თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

გაბუნიას/ბოკოვის საქმეზე გირჩევთ:

ბოკოვის საქმე: საქართველო რუსეთთან ხისტ რიტორიკაზე ჯერ უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი