ახალი ამბები

თბილისში ოპოზიციის კანდიდატები კვლევით აირჩიონ – ელისაშვილის ინიციატივა

24 ივნისი, 2020 • 1244
თბილისში ოპოზიციის კანდიდატები კვლევით აირჩიონ – ელისაშვილის ინიციატივა

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოდის ინიციატივით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდით შეარჩიონ. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ “კულისებში სქემების დალაგების” წინააღმდეგია.

“მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ იყოს თბილისში მაჟორიტარები. ჩავატაროთ პატიოსანი კვლევა და ამ პატიოსანი კვლევის ჩამტარებლებად მეგულებიან IRI და NDI – სანდო და პატივსაცემი ორგანიზაციები. ძალიან მარტივი ჩასატარებელი კვლევა იქნება კითხვით: ვის უჭერთ მხარს თბილისში მაჟორიტარებად[კანდიდატებად], ოპოზიციის რომელ ლიდერს?

გამოიკვეთება, რომ შალვა შავგულიძე ყოფილა? ბოდიშს მოვუხდი და ვეტყვი, ამაოდ შევიტანე ეჭვი თქვენი გამარჯვების პერსპექტივაში- მეთქი. ვინც უნდა გამოიკვეთოს, აგერ, გაძლევთ სიტყვას, ვინც იქნება იმ 8 კაცში გამოკვეთილი, გამოვალ და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანიც რომ იყოს, ვიტყვი, რომ ხალხო, ჩემო მხარდამჭერებო, თბილისელებო, ამ 8 ადამიანს დაუჭირეთ მხარი.

მე რაც არ მომწონს ,ეს არის რაღაც კულისებში სქემების დალაგება. თან ვისგან? ბოკერიასგან, რომელსაც პოლიტიკის შაქრო კალაშოვი ჰგონია საკუთარი თავი”, – აღნიშნა მან.

ელისაშვილმა მიმდინარე კვირაში საკუთარი პარტიის შექმნაც დააანონსა, რომელსაც, მისი თქმით, “მოქალაქეები” ერქმევა და ამჟამად მოქმედი “სამოქალაქო მოძრაობის” ბირთვთან ერთად ჩამოყალიბდება.

როგორც ცნობილია, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით თბილისში  სულ 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება. აქედან 2-ში ენმ დაასახელებს თავის კანდიდატს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ გლდანში ნიკა მელიას დაასახელებს, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილს.

რაც შეეხება დარჩენილ 2 ადგილს (დიდუბე, საბურთალო), დავით ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიცია ამ სივრცეს ღიად ტოვებს სხვა ოპოზიციონერი ძალებისთვის, რათა კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდეს საბოლოო სურათი.

ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი