ახალი ამბები

კაფე-ბარების და რესტორნების დაჯარიმება უსაფუძვლოა – საია

24 ივნისი, 2020 • 1956
კაფე-ბარების და რესტორნების დაჯარიმება უსაფუძვლოა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 კაფე-ბარის დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იყო, სახელმწიფოს სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა დაჯარიმების ნაცვლად. ამის შესახებ საია განცხადებას თავად ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საიამ 12 კაფე-ბარის საქმის მასალები შეისწავლა და მფლობელებს მათ გასაჩივრებაში ეხმარება. საიას განმარტებით, ოქმების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დარღვევად მიჩნეული ქმედება საერთოდ არ მომხდარა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინსპექტორების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე მეტი ვალდებულება დააკისრა.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები. მსგავსი რეგულირება ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში, დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო”, – განმარტებულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში განმარტავენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება გაართულა.

გარდა ამისა, საიას განმარტებით, რამდენიმე კვების ობიექტმა ინსპექტირების დეპარტამენტს ელექტრონულად და სატელეფონო ზარის საშუალებით მიმართა და სთხოვა, ობიექტების გახსნამდე შეემოწმებინათ ისინი და გაეცათ რეკომენდაციები, თუ რისი გამოსწორება იქნება აუცილებელი პირველი კლიენტების მიღებამდე. თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გარკვეულ შემთხვევებში მოითხოვა იმ დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის არსებობაც კანონქვემდებარე აქტით ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

“საია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად კვების ობიექტებისათვის გარკვეული რეგულაციების დადგენას და მათ შესრულებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნული რეგულაციები უნდა იყოს ცხადად გაწერილი და არ უნდა იძლეოდეს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას”, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საია ინსპექტირების დეპარტამენტს მოუწოდებს, მოვალეობის შესრულების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამორიცხავს ობიექტების პასუხისმგებლობას და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

“ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. აღნიშნული მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს, მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული წესების დარღვევისთვის 16 ობიექტი 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ განცხადება 15 ივნისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გააკეთა და განმარტა, რომ დაჯარიმება “არ არის თვითმიზანი”, თუმცა ეს აუცილებელია პრევენციისთვის, “რადგან აზრს კარგავს ყველანაირი ძალისხმევა და რეგულაცია, თუ საზოგადოებას და თითოეული ადამიანის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე”.

აღნიშნული ჯარიმები თავდაპირველადვე უსამართლოდ მიიჩნია დაჯარიმებული კაფე-ბარების და რესტორნების ნაწილმა, რომელთა თქმითაც, ჯარიმები ძირითადად ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწერა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან ამ ჯარიმებს არავითარი კავშირი არ აქვს.

რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა ობიექტები, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რამდენიმეთვიანი იძულებითი დახურვის შემდეგ ივნისის დასაწყისში გაიხსნა. თითოეული ასეთი ობიექტი ვალდებულია, დაიცვას დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ.

გაიგეთ მეტი:

კორონავირუსი: რა წესების დაცვა მოგვიწევს რესტორნებსა და კაფეებში?

მასალების გადაბეჭდვის წესი