ახალი ამბები

კორონავირუსი: რა წესების დაცვა მოგვიწევს რესტორნებსა და კაფეებში?

29 მაისი, 2020 • 2037
კორონავირუსი: რა წესების დაცვა მოგვიწევს რესტორნებსა და კაფეებში?

საქართველოში რესტორნები, რომლებსაც ღია სივრცეები აქვთ, მუშაობის განახლებას პირველი ივნისიდან შეძლებენ, ხოლო დახურული რესტორნები- 8 ივნისიდან.

ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციათა ნუსხას აქვეყნებს, რომელიც ყველა კვების ობიექტმა პანდემიის დროს ფუნქციონირებისას უნდა შეასრულოს.

რეკომენდაციები რამდენიმე ნაწილად იყოფა, მათ შორის, არის მომხმარებლის წინასწარ ჩაწერა, დარბაზში მაგიდების დისტანცირებულად განლაგება, ერთჯერადი გადასაფარებლები და მენიუები, ბარმენებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, სასმლის მაგიდებთან მიტანა და სხვა.

ძირითადი რეკომენდაციები (კვებითი ობიექტების მფლობელებს):

  • წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი
  • აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
  • განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარის განთავსება;
  •  უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • სკამების საზურგეებს შორის – მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
  •  1 მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • დამატებით, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  •  იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2- მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  •  სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  •  უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2- მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
  • 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
  •  31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ1,8მ2).
  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  •  სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ამავე დოკუმენტში დაწერილია ასევე დამსაქმებლის, დასაქმებულთა და დასუფთავების წესებიც, მათ შორის ის, რომ მაგიდები უნდა გაიწმინდოს სველი წესით, არსებობდეს დეზობარიერები, ხოლო რისკების შესამცირებლად წესები თვალსაჩინო ადგილზე იყოს გამოკრული.

სრულად რეკომენდაციების ნუსცა კვებითი ობიექტისთვის წაიკითხეთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი