ახალი ამბები

კუჭავამ ევროპარლამენტს რურუაზე, “მხედრიონსა” და “ვერის საძმოზე” წერილი გაუგზავნა

24 ივნისი, 2020 • 1835
კუჭავამ ევროპარლამენტს რურუაზე, “მხედრიონსა” და “ვერის საძმოზე” წერილი გაუგზავნა

“მთავარი არხის” დაკავებული მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამეტში ცრუ ინფორმაციის შემცველი წერილი გაგზავნა. მასში საუბარია რურუას ბრალეულობაზე 90-იან წლებში მომხდარ არაერთ დანაშაულში და ასევე აღნიშნულია, რომ “განზრახ” შეიძინა ტელევიზიის წილი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებულ ბიულეტენი მხოლოდ ფაქტებს ემყარება.

განცხადება ადვოკატებმა დღეს, 24 ივნისს, საქალაქო სასამართლოში რურუას პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაახმიანეს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, წერილი, რომელიც ევროპარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და მმართველი გუნდის წევრმა, კახა კუჭავამ გაუგზავნა, რურუას პოლიტიკურ დევნას ადასტურებს.

ტექსტში, რომელიც “ოცნებიდან” ევროპარლამენტს გაუგზავნეს, ნათქვამია, რომ “რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებს მკვლელობების წარსულის მქონე გიორგი რურუას საქმით და პოლიტპატიმრად ასაღებს მას”. მასში ნათქვამია, რომ რურუა იყო ნახევრად გასამხედროებული “მხედრიონის” წევრი და კრიმინალური დაჯგუფების, “ვერის საძმოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ავტორი ასევე საუბრობს რურუას თანამონაწილეობაზე 90-იან წლებში მომხდარ მკვლელობებსა და გატაცებებში, მათ შორის, თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობასა და მოქალაქე ზაზა ვეფხვაძის მკვლელობაში.

“[წერილში] ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში, ალბათ, რა მკვლელობაც მომხდარა, ყველაფერი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაბრალებულია გიორგი რურუაზე.

“ქართული ოცნება” წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” დროს მოხდა მისი შეწყვეტა. ცხადია, ყველას კარგად მოეხსენება, რომ საუბარია 93-94 წლებზე, რის შემდეგაც დაახლოებით 10 წელი მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში. მას მერე წლების განმავლობაში “ოცნება” იყო ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას პოლიტიკური დევნისა”, – აცხადებს ადვოკატი.

ზემოაღნიშნული ტექსტის ავტორი ასევე ამბობს, რომ გიორგი რურუამ გასულ წელს კონკრეტული განზრახვით შეიძინა წილი ოპოზიციურ ტელეკომპანიაში “მთავარი არხი”, რაშიც სულ $900 (2 500 ლარი) გადაიხადა.

“წერილში კახა კუჭავა ამბობს, რომ რურუამ განზრახ, მოჩვენებითად შეიძინა მთავარი არხის წილი და გადაიხადა მასში სულ რაღაც 2 500 ლარი. რეალურად, მე მიჭირავს ხელშეკრულება, რომლითაც გიორგი რურუა გახდა არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეორე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2 500 ლარი არის წილის ნასყიდობის თანხა, მაგრამ გარდა ამისა ის ახორციელებს ინვესტიციას 50 000 აშშ დოლარის ოდენობით მთავარი არხის კაპიტალში”, – აღნიშნავს აღნიშნულის საპასუხოდ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

თავად კახა კუჭავა ადასტურებს ევროპარლამენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტს და აღნიშნავს, რომ მის მიერ გაგზავნილი ბიულეტენი მხოლოდ ფაქტებს მოიცავს.

“ეს არის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც ოპონენტების ტყუილს უპირისპირებ სიმართლეს და რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის პარლამენტის მხრიდან ოფიციალურად გაგზავნილი წერილი. ეს არის ჩვეულებრივი “ნიუსლეტერი”, რასაც ჰქვია სიახლეების ბიულეტენი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა პარტია აგზავნის. ჩვენც კვირაში, ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით  ხოლმე. ასეთი ბიულეტენი გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ პირველი და მეორე მოსმენით. …აქ არის მოყვანილი ის ზუსტი ფაქტები, რომლებიც არის ცნობილი”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მედიასთან საუბრისას.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული. ის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით იმავე წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ოპოზიცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე საპარლამენტო მოსმენებში. “ევროპულმა საქართველომ” მხოლოდ პირველ მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, “ნაციონალური მოძრაობა” კი პროცესს მთლიანად გაემიჯნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი