ახალი ამბები

ლარში აღებული სესხების ნაწილის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება

24 ივნისი, 2020 • 2604
ლარში აღებული სესხების ნაწილის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული ერთეულით შეამცირა, რის შემდეგაც განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 9%-ი იყო; Covid-19-ის პანდემიის პირობებში, 18 მარტს, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, განაკვეთი არ შეეცვალა;

მოგვიანებით, 29 აპრილს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული ერთეულით შეამცირეს და დღემდე ეს მაჩვენებელი 8.5% იყო. ამჟამად განაკვეთი 8.25%-ია.

რეფინანსირების განაკვეთი, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ორიენტირს საბაზრო განაკვეთებისათვის.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას მოჰყვება ხოლმე მოქალაქეების მიერ ლარში აღებული სესხის ნაწილის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება (ცვლილება ეხება იმ სესხებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთს ებმის).

განაკვეთის ბოლო ცვლილება ნიშნავს, რომ თუკი, მაგალითად, მოქალაქის მიერ ლარში აღებული სესხის [ისეთი სესხის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთს ებმის] საპროცენტო განაკვეთი ამ მომენტში 12%-ია, ცვლილების შემდეგ საპროცენო განაკვეთი 11.75%-მდე შემცირდება.

2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული.

ეროვნული ბანკის დასაბუთება

ეროვნული ბანკი 24 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში წერს, რომ მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა და, უწყების პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, 2021 წლის პირველ ნახევარში კი მიზნობრივ დონემდე დავა.

„ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუმცა აღნიშნულს ინფლაციის მაჩვენებელზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს.

მეორე მხრივ, როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების ზემოქმედება ინფლაციაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც ინფლაციის პროგნოზის შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ზევით ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას და განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს.

შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები“.

ეროვნული ბანკის თანახმადვე, წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით შერეულ სიგნალებს იძლევა:

„არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება“.

როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აჯამებს, ჯამურად, ეს ფაქტორები ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი კლების მასშტაბთან დაკავშირებით საკმაო გაურკვევლობა არსებობს. „გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად აისახება მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია“.

ეროვნული ბანკის თანახმად, არსებული პროგნოზებით, „სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის შედეგად, საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, მაისში იმპორტიც წლიურად 34 პროცენტით შემცირდა“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი