ახალი ამბები

რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

24 ივნისი, 2020 • 728
რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

პლაკატების გაკვრისთვის ან ლოზუნგების სახლებზე დაწერისთვის შესაძლოა ვერავინ დააჯარიმონ. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 24 ივნისს, გიორგი გოცირიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ამბობს, რომ ის თავის სახლზე პლაკატის გაკვრისთვის ვერ უნდა დაჯარიმდეს.

გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს თბილისში პლაკატების, ლოზუნგების ან ბანერების განთავსებას ადგილებში, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანი სახლის მესაკუთრეა, ან არსებობს მესაკუთრის დადასტურებული თანხმობა, სპონტანური აქციის პირობებში შესაძლებელი უნდა იყოს პლაკატის, ლოზუნგის ან ბანერის ცოტა ხნით განთავსება და ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ქმედებისთვის ჯარიმა მხოლოდ თბილისში დარჩა, რაც 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი.

„მაშინ გასაჩივრებული იყო რეგიონები და დღეს ეს სანქციები მოქმედებს მხოლოდ თბილისში… მივიჩნევთ, რომ არსებობს ამ სამართლებრივი ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი“, – ამბობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია იმ შენობებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ.

განმწესრიგებელ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია გამართავს, რომლის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, ან არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად მიიჩნევენ სადავო ჩანაწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი