ახალი ამბები

სწირავენ თუ არა “ოცნებას” თანხებს კანონიერად და უანგაროდ – IDFI-ის კვლევა

24 ივნისი, 2020 • 2616
სწირავენ თუ არა “ოცნებას” თანხებს კანონიერად და უანგაროდ – IDFI-ის კვლევა

“პირდაპირი შესყიდვები სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა, გამოიყენებოდეს როგორც მმართველი პარტიისათვის შემოწირულებების მოზიდვის  ინსტრუმენტი” – ეჭვი გამოთქმულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაში, რომელშიც განხილულია 2020 წლის 3 ივნისამდე და 2019 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულებები.

კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა ისეთი შემთხვევები, რომლებიც, მისი აზრით, აჩენს კითხვის ნიშნებს შემომწირველების კეთილსინდისიერებასა და შემოწირულებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4.7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება. გასულ 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან – 120 000 ლარს. 

“პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა, იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით, ფაქტობრივად, უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

IDFI-iს მონაცემებით, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 2020 წლის 3 ივნისისათვის, ჯამურად, 204 შემოწირულებაა განხორციელებული და ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია.

“თუმცა საინტერესოა, რომ ხშირად ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები ერთსა და იმავე პერიოდში სწირავენ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემომწირველები ერთი კომპანიის ისეთი თანამშრომლები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში მმართველ თანამდებობებს არ იკავებენ, რის გამოც ძალიან რთულდება მათი დაკავშირება კომპანიასთან.

ეს პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებს, რომ შემოწირულება არა ფიზიკური პირის პოლიტიკური პრეფერენციის ან პარტიის დაფინანსების სურვილითაა გამოხატული, არამედ ამაში სწორედ ბიზნესის ინტერესი იკვეთება”, – წერს ორგანიზაცია.

ასობით ათასი ლარი “ოცნებას” RMG Gold-დან

კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას თანხა საყდრისში მომუშავე კომპანია RMG Gold-ის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა შესწირა, აღმასრულებელი დირექტორიდან ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებამდე. კომპანიის შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები პარტიას დიდ თანხებს სწირავდნენ, ხოლო საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულები, 15, 10 ან 7 ათას ლარს. ამავე მონაცემებით, ჯამში, RMG-სთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა მმართველ პარტიას 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს.

“გარდა ამისა, შემომწირველთა სიაში ფიგურირებს ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც ბოლნისში, დაბა კაზრეთში ან მიმდებარე სოფლებში არიან რეგისტრირებულნი, ძირითად შემთხვევაში არ აქვთ წილები ბიზნესში და ან საერთოდ არ ფლობენ უძრავ ქონებას, ან მხოლოდ იმ სახლს, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან.

ამასთან, მათი ნაწილის სახელები და გვარები იძებნება RMG-ის ონლაინ გაზეთის სხვადასხვა წლის გამოცემაში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინიც კომპანიის თანამშრომლები არიან, თუმცა, რადგან მათი საბოლოო იდენტიფიცირება ვერ ხდება, აღნიშნული ინფორმაცია კვლევაში არაა წარმოდგენილი”, – წერს ორგანიზაცია.

ის ფაქტი, რომ ერთი კომპანიის ამდენი თანამშრომელი ერთდროულად სწირავს მმართველ პარტიას თანხას, კვლევის ავტორებს უჩენს ეჭვებს, რომ “აღნიშნული თანხები მობილიზებულია კომპანიის მიერ და შესაძლოა კომპანიის ტოპ მენეჯმენტი იყენებდეს საკუთარ თანამშრომლებს შემოწირულების კანონის დარღვევით განსახორციელებლად”. აღნიშნული ქმედება კანონით ისჯება.

“ოცნების” შემწირველი კომპანიების შესამჩნევი წარმატება სახელმწიფო შესყიდვებში

IDFI ყურადღებას ამახვილებს შემთხვევებზეც, როცა კომპანიები ან მათი დამფუძნებლები თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას, რის შემდეგაც იგებენ მსხვილ ტენდერებს. ავტორთა თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როცა ასეთ კომპანიებთან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხდება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება.

კვლევის მიხედვით, შპს ნატურალი 7-მა მმართველ პარტიას 100,000 ლარი 2019 წლის 29 ნოემბერს შესწირა. გასულ წლებში ამ კომპანიის სახელით შემოწირულება არ განხორციელებულა. შპს ნატურალი 7-ს ორი მეწილე ჰყავს, ვაჟა და მერაბ ქუჩუკაშვილები. თავის მხრივ ვაჟა ქუჩუკაშვილს 2018 წელს 18,000 ლარი აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის, ხოლო მერაბ ქუჩუკაშვილს – 15,000 ლარი. ამასთან, მერაბ ქუჩუკაშვილმა 2019 წლის 12 დეკემბერს მმართველ პარტიას ინდივიდუალურად შესწირა 50,000 ლარი.

“შპს ნატურალი 7-თან ერთად, ვაჟა და მერაბ ქუჩუკაშვილები რამდენიმე კომპანიას ფლობენ, რომლებითაც 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვების გზით, ჯამში, 1,5 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია ერთ შემსყიდველთან – ს.ს. აკურასთან, რომლის 99% -იან წილს სახელმწიფო ფლობს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ავტორები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ფაქტს, რომ ამ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვების პირდაპირი ხელშეკრულებები 2012-2017 წლებში უფორმდებოდათ, შემდგომ, 2 წლის მანძილზე, 2019 წლამდე, არცერთის სახელზე მსგავსი ხელშეკრულება არ იძებნება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქუჩუკაშვილებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილს თანხები შესწირეს, მათმა ერთ-ერთმა კომპანიამ შპს “ტემპი+”-მა 2019 წლის სექტემბერში 110,000 ლარამდე ღირებულების პირდაპირი ხელშეკრულება მიიღო ს.ს. აკურასგან. რის შემდეგაც, უკვე 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქუჩუკაშვილებმა ისევ შესწირეს მმართველ პარტიას, ჯამში, 150,000 ლარი.

მსგავსი ტენდენცია იკვეთება შპს ყვარლის სარდაფის შემთხვევაში, რომელმაც 2019 წლის 6 სექტემბერს ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირა. მანამდე, 2 წლის მანძილზე, კომპანიას პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება აღარ მიუღია. თუმცა 2019 წლის შემოწირულებიდან 14 დღეში კომპანიამ მიიღო 164,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი.

“2019 წლის შემოწირულების განხორციელების შემდეგ ყვარლის სარდაფმა, ჯამში, 200,000 ლარამდე ღირებულების კონტრაქტი მიიღო.  ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ს.ს. აკურა იყო.

საინტერესოა, რომ 2007 წლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, შპს ყვარლის სარდაფის მეწილე იყო დავით თოფურიძე, რომელიც პარალელურად, 2014 წლის 26 სექტემრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბრძანებით, ს.ს აკურას დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.

თოფურიძე 2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სახელმწიფო საწარმოს, შპს “გრუზვინპრომის”(ამჟამად პრივატიზებულია) დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა”, – წერენ ავტორები.

ზემოხსენებული დავით თოფურიძეა ალკოჰოლიური სასმელების მწარმოებელი შპს ტიფლისის დირექტორიც, რომელმაც 2019 წელს ასევე 100,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. შპს ტიფლისს სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები არ უფიქსირდება. თოფურიძემ თავის მხრივ 50,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს.

კომპანია TIFLISI DISTILLERY -ის სახელზეა 100,000- ლარიანი შემოწირულება “ქართული ოცნებისთვის” 2019 წელს და 100,000- ლარიანი შემოწირულება სალომე ზურაბიშვილისთვის 2018 წელს. აღნიშნული კომპანიაც ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, მისი ერთ-ერთი მეწილე ისევ დავით თოფურიძეა.

“აღნიშნული კომპანიაც არ ფიქსირდება, როგორც მიმწოდებელი, შესყიდვების ვებგვერდზე, თუმცა დავით თოფურიძის სხვა კომპანიას, შპს ბარაკონს, პირდაპირი შესყიდვების გზით 70,000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება აქვს მიღებული, აქაც შემსყიდველი ისევ სს აკურაა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველას, პირდაპირ ან ირიბად, (დამფუძნებლების სხვა კომპანიებით) კავშირი აქვთ სახელმწიფო საწარმო სს აკურასთან, რომელიც ღვინომასალას, ღვინოსა და საბრენდე სპირტს აწარმოებს.

სახელმწიფო საწარმო აკურა, რომელთანაც ყველა ჩამოთვლილ კომპანიას აქვს კავშირი, ფორბსის 2019 წლის სახელმწიფო კომპანიების რეიტინგის მიხედვით, მე-15 ადგილი  უკავია და მისი ბრუნვა 30 მილიონ ლარს აჭარბებს. თითქმის ყოველ წელს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მას ევალება რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. შესყიდვების სააგენტომ 2016-2019 წლებში სს. აკურასთვის პირდაპირი შესყიდვის გამოყენების 14 მოთხოვნიდან ყველა დააკმაყოფილა, რითიც ს.ს. აკურას 133 მილიონ ლარზე მეტი თანხის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მისცა.

კვლევაში მოცემულია ინფორმაცია “ქართული ოცნების” შემომწირველი და პირდაპირ შესყიდვებში ჩართული სხვა კომპანიების შესახებაც, რომელთაგან ერთ-ერთის თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია.

IDFI-ის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური დაფინანსების კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, დარღვევები გამოიხატება კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის თავის არიდებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედება შესაძლოა ფორმალურად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, თუმცა რეალურად ეწინააღმდეგებოდეს კანონის მიზნებს.

ზემოთ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI მიიჩნევს, რომ “აუცილებელია აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგის ფუნქცია, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთებები და დააკისროს ჯარიმა დამრღვევ სუბიექტებს”.

“ამასთან, წინამდებარე კვლევის შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური დაინტერესდეს როგორც ს.ს აკურას შესყიდვების ეფექტიანობით, ასევე RMG Gold-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით”, – წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი