ახალი ამბები

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

24 ივნისი, 2020 • 1032
ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

“ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რეპორტაჟის მომზადებისას გამოყენებული წყაროების დასახელებას არ აპირებს.

მელაძის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ასევე განმარტა, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე მელაძე თანახმაა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაკითხოს, თუმცა წყაროს დასახელებას არ აპირებენ.

“შაბათს “ტვ პირველმა” მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა, რომელიც ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურას, ვასამბეგ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც მოვიპოვეთ, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ.

გუშინ დამიკავშირდა სუს-ის გამომძიებელი და გვითხრა, რომ ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა კითხვები ჩვენ მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, როგორც გადაცემის ავტორსა და წამყვანს, შემდეგ კი გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. მოვედით სუს-ში კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს კანონი იცავს წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ გვაქვს ვალდებულება წყაროები დავასახელოთ”, – ამბობს მელაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ “ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე ბოკოვის საქმეზეა გამოკითხვაზე დაბარებული.


15 ივნისს ფორმულამ და შემდეგ „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მხოლოდ დღეს თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

რუსეთი და შეკვეთილი მკვლელობების ბრალდებები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი