ახალი ამბები

გოგიჩაიშვილი: ჩავიდეთ ბათუმში და შევაჩეროთ ადამიანების გაყრა “აჭარის ტვ-დან”

23 ივნისი, 2020 • 1294
გოგიჩაიშვილი: ჩავიდეთ ბათუმში და შევაჩეროთ ადამიანების გაყრა “აჭარის ტვ-დან”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას სურვილი აქვს ბათუმში გაემგზავროს და “აჭარის ტელევიზიაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართოს.

გოგიჩაიშვილი ამ პროცესში შუამავლობას არჩილ თალაკვაძეს სთხოვს:

“ჩვენი ფრაქცია შეშფოთებულია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით. მასობრივი გაყრები თანამშრომლების, უფლებების შეზღუდვები, უპასუხსიმგებლობა, რასაც იჩენს ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ,  როდესაც პირადი სიმპათიების საფუძველზე, ფეისბუკ პოსტების გამო ისინი ძალიან ბევრ ოჯახებს ტოვებენ სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ბატონო არჩილ, მოგიწოდებთ უზუნველყოთ ჩვენი ფრაქციის და თქვენი ჩართულობა.

ჩავიდეთ, დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს, ასევე ჩაერთოს უზენაესი საბჭოც, შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და ემსახუროს გადასახადის გადამხედელებს”, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედებები ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მაუწყებლის დირექტორ ნათია კაპანაძეს “ქართული ოცნების” წარდგინებით დანიშნული მრჩეველთა საბჭოს წევრების ინიციატივით იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

აჭარის ტვ-ის ჟურნალისტების დევნაზე განცხადება გაავრცელა კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”. დღევანდელი აქციაც სწორედ კოალიციის ინიციატივით იმართება.

კოალიციის“მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიაზე თანამშრომლების განსხვავებული მოსაზრების გამო მათი დევნა და შევიწროება უწყვეტად გრძელდება.

აჭარის ტვ-ის დირექტორმა ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლებების სერია 11 მაისს, გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანისა და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებით გააგრძელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი