ახალი ამბები

რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი საათი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად – მდინარაძე

23 ივნისი, 2020 • 792
რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი საათი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ ერთი საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა.

“დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმოამდგენლებს დაახლეობით ერთი საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიამლური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, გავა [ცვლილებები] იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტმა 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

მეორე მოსმენას არ ესწრებიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა — არ გაათავისუფლა გიორგი რურუა და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს მეორე მოსმენამდე რურუას გათავისუფლებისაკენ მოუწოდა, ენმ-ს მონაწილეობა არც პირველ მოსმენაში მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი