შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს ძალადობის მუხლიც დაემატა, შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს. ამის მიზეზად ბორცვაძე გამოძიებისისას აღმოჩენილ გარემოებას ასახელებს. შსს-ს ცნობით, გარკვეულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც თავად გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა ამ ეტაპზე არ დასტურდება:
“გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რადგან შეტყობინება გვქონდა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, ამ კვალიფიკაციას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.”
სამინისტროს ინფორმაციით, 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ცალკეულ პირთა შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ცნობით, ამ პერიოდისთვის გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა კონფლიქტში არ დასტურდება.
მათივე ცნობით, მოგვიანებით კონფლიქტი მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. ამის შემდეგ შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი გუშინ მდინარის კალაპოტში იპოვეს.
“19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.