ახალი ამბები

მუშავდება არჩევნების ორგანიზების პანდემიური წესები

22 ივნისი, 2020 • 1124
მუშავდება არჩევნების ორგანიზების პანდემიური წესები

2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ  ჩატარების შესაძლო წესები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სხავდასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგმები, დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციის, მთავრობის, სხვადასხვა სამინისტროს და ცესკოს წარმომადგენლები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიყო, მათ შორის, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა კორონავირუსით ინფიცირებულებმა და საკარანტინო სივრცეებში მყოფმა მოქალაქეებმა:

“დღევანდელ შეხვედრაზე გავნიხილეთ სხვადასხვა საკითხები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში, თუმცა ამაზე დღეს შეთანხმება არ ყოფილა და არც გადაწყვეტილებები მიგვიღია. თუმცა რამდენიმე განხილული საკითხის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად, უნდა მისცეს თუ არა ხმა კორონავირუსით ინფიცირებულმა პირმა. თუ ხმის მიცემაზე მიდგება საქმე, როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის მენეჯმენტი. ასევე, კარანტინში მყოფ პირებზეც ვისაუბრეთ, მონაწილეობენ თუ არა არჩევნებში. დიდი ალბათობით, მარკირების გარდა, ასევე სავალდებულო იქნება სადეზინფექციო ხსნარიც. მიდის მსჯელობა ამ საკითხზე, წაშლის თუ არა მარკვირების კვალს ხსნარი”, – ამბობს სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ასევე საინტერესოა, რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უბანზე კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდგინდება, უნდა მოიხსნას თუ არა ეს უბანი და ა.შ.

“გარდა ამისა მსჯელობა მიმდინარეობდა არჩევნების პროცესში ჩართული ადამიანებისთვის ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა ესეც, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმიტომ, რომ ტესტის ვალიდურობა არის 3 დღე და ამ პროცესებში 150 ათასამდე ადამიანია ჩართული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე”, – განამრტა სალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სალაძის თქმით, აღნიშნული საკითხების შესახებ დიდი ალბათობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და წერილობით დოკუმენტი მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ცნობილი. სალაძის განმარტებით, შეხვედრაზე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ამასთან, სალაძის თქმით, გარკვეული ტიპის რეგულაციების შემოღების საშუალება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიეცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, თუმცა შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება სამომავლოდ:

“პანდემიის პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა დროში გაახანგრძლივა, ზოგმა ჩაატარა. საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი ხდება. დღევანდელ კომისიის შეხვედრაზე ჩვენ მიმართ დაისვა კითხვები, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას, რაზეც ჩვენი პასუხი იყო ნათელი, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა  საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არჩევნები ჩატარდეს… მაგრამ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალში, შეუძლებელია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი