ახალი ამბები

გავრილოვი ენმ-ს უწევს “სატოპკეებს“ – კობახიძე

22 ივნისი, 2020 • 1771
გავრილოვი ენმ-ს უწევს “სატოპკეებს“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ  რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თავისი ბოლოდროინდელი განცხადებებით ხელს “აძლევს ოპოზიციას”.

კობახიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა გავრილოვის ბოლონდროინდელ გზავნილებს. ერთ-ერთ თავის განცხადებაში გავრილოვი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ 20 ივნისისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

„რამდენიმე განცხადება გააკეთა შარშანდელი წლიდან მოყოლებული გავრილოვმა და ყოველი თავისი განცხადებით ის, ჟარგონზე რომ ვთქვათ, „სატოპკეებს უწევს“ ნაცონალურ მოძროაბას და ძალიან ჰარმონიზებულნი არიან ისინი ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, რადგან მათ აძლევს სპეკულირების საგანს.

ძალიან კარგად იკვეთება, აქ ინტერესში რა შედის და ზოგადად, კარგად იკვეთება, ვინ აკეთებდა ჯერ 9 წლის მანძილზე ხელოსუფლებაში ყოფნის დროს რუსულ საქმეს და ვინ აკეთებს ოპოზიციის რანგში რუსულ საქმეს საქართველოში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ენმ-გან განსხვავებით, „ოცნება“ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს.

გასული წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია.

გენერალური ასამბლეა თბილისში 2019 წლის 19 ივნისს, ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმოდ და საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სერგეი გავრილოვის მიმართვისას კი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ღონისძიება პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე ოპოზიციამ (ენმ, “ევროპული საქართველო”) მოითხოვა, არ შემოეშვათ საქართველოში რუსეთის დელეგაციის წევრები და ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი ოპოზიცია დაადანაშაულეს საერთაშორისო ღონისძიების დისკრედიტაციის მცდელობასა და იზოლაციონიზმში.

ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძველზე აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.

ამ თემაზე ნეტგაზეტი გირჩევთ:

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი