ახალი ამბები

ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანი პირობაა – გავრილოვის მიმართვა 20 ივნისის წლისთავზე

20 ივნისი, 2020 • 1481
ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანი პირობაა – გავრილოვის მიმართვა 20 ივნისის წლისთავზე

ბინძურ პროვოკაციებში დამნაშავეებმა, რომელთა მიზანიც ჩვენი ურთიერთობის დანგრევა იყო, აუცილებელი პასუხისმგებლობა და სასჯელი უნდა მიიღონ”, – ასე მიმართავს საზოგადოებას რუსეთის დუმის დეპუტატი და კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით. დეპუტატი, რომლის საქართველოში ვიზიტმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წარმართვამ თბილისში მრავალათასიანი პროტესტი გამოიწვია, ამბობს, რომ ბოდიშს არ ელის, თუმცა ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

“ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ მიმართვაში გავრილოვი საუბრობს “რევანშისტულ ძალებზე”, “ანტიქრისტიანულ ლოზუნგებსა” და “ოკეანის გაღმიდან თავსმოხვეულ ფობიებზე”, რაც მისი აზრით, საქართველოსა და რუსეთს შრის ურთიერთობების გამწვავების მიზეზია.

“დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მისცეს დავალება და შესაძლებლობა ჩვენთვის ახლო ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საბოლოოდ აღადგინონ წესრიგი და კანონი, დემოკრატიული უფლებები, შეაჩერონ ისინი, ვინც წინა წელს მკრეხელობაზე წავიდა, წავიდა სახელმწიფო გადატრიალებაზე დაუფარავად ანტიქრისტიანული ლოზუნგებით. ჩვენი წმინდა, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შელახვის ლოზუნგებით, რუსოფობიური ლოზუნგებით — ზიზღით ძმების მიმართ, რომლებიც აქვე, რამდენიმე ასი კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთით ცხოვრობენ.

ისინი ცდილობდნენ, ბინძური მეთოდებით შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას და ამისთვის საქართველოს ისტორიაში უნიკალურ მოვლენას იყენებდნენ. ეს უნდა დაგმონ არა მხოლოდ მართლმადიდებელმა დეპუტატებმა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამაც”, – აცხადებს დუმის დეპუტატი.

გავრილოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება “დაშლის” მათ, ვისაც დეპუტატი “რევანშისტ-გადამტრიალებლებს” უწოდებს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილსაც ახსენებს ამ კონტექსტში. ის ასევე ამბობს, რომ არ ითხოვს ბოდიშს, თუმცა ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსგან.

“ბოდიშის მოხდას დაჟინებით არ ვითხოვთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა დეპუტატებისთვის — მათ შორის ევროპელი დეპუტატების, ბოდიშის მოხდა ძმებისთვის, რომლებსაც მხოლოდ კარგი უნდათ საქართველოსთვის, ბოდიშის მოხდა რუსეთისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ჩვენი საერთო ისტორიის, დეპუტატების შეურაცხყოფისთვის, მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების სრული მოცულობით აღდგენისთვის, ისევე როგორც საჭიროა სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რომლებიც ამჟამად არ გვაქვს.

იმედი გვაქვს, ამ დღეს, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, საბოლოოდ დაშალოს რევანშისტ-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად უნდათ, გაანადგურონ დემოკრატია საქართველოში, დაამყარონ თავიანთ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი”, – თქვა მან.


რა მოხდა

გასული წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი