ახალი ამბები

დოლიძის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა, სწორი – მიქაუტაძე

22 ივნისი, 2020 • 1085
დოლიძის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა, სწორი – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ანა დოლიძის გადაწყვეტილება საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია, თუმცა, სწორი.

“ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა, სწორი. ჩვენ არა მხოლოდ ბოლო თვეები, არამედ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში.

სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ, ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის სწორი, თუმცა, დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა – ჩვენ გვყავდა საბჭოს წევრი, რომელიც, ამავდროულად, აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული”, –  თქვა გიორგი მიქაუტაძემ. მისი კომენტარი ნეტგაზეთს საბჭოს პრესსამსახურმა მიაწოდა.

ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს. 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დოლიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დააარსა “მოძრაობა ხალხისთვის” და ახალი პლატფორმა, მის წინააღმდეგ “ბინძური, ორკესტრირებული, პიარკამპანია” გამძაფრდა.

მანამდე, იუსტიციის არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოს გადაწყვეტილებებში ხარვეზებზე მიუთითებდნენ და მათ აპროტესტებდნენ.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებისკენ თავდაპირველად საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მოუწოდა. მისი შეფასებით, ანა დოლიძე, რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი