ახალი ამბები

თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, მე-2 და მე-3 მოსმენისას მხარს არ დავუჭერთ ცვლილებებს – ბაქრაძე

21 ივნისი, 2020 • 1442
თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, მე-2 და მე-3 მოსმენისას მხარს არ დავუჭერთ ცვლილებებს – ბაქრაძე

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მე-2 და მე-3 მოსმენისას.

“ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის. ამასთანავე, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენისას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

“ევროპულ საქართველოს” პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს, საკონსტიტუციო ცვლილებას კი, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდება.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. კანონპროექტისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპული საქართველოს” თქმით კი მათ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი