საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი ოკუპაციის წინააღმდეგ და ქვეყანაში, გამოწვევებთან ერთად, მეტი შესაძლებლობის გაჩენას იმედოვნებს.
“20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ.
გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც.
შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად.
ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.