ახალი ამბები

მივმართავთ ენმ-სა და “ევროპულ საქართველოს”, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს – თალაკვაძე

19 ივნისი, 2020 • 958
მივმართავთ ენმ-სა და “ევროპულ საქართველოს”, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ელჩების განცხადებას ეხმაურება. თალაკვაძე აცხადებს, რომ 21 ივნისს სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს დაუჭერს და საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისკენ ენმ-სა და “ევროპულ საქართველოსაც” მოუწოდებს.

” მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.

მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ. სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს”,-ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორი ელჩები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

საკონსტიტუიო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. „ქართულ ოცნებას“ 93 დეპუტატი ჰყავს, თუმცა, მანამდეც იყო ცნობილი, რომ აქედან ერთი, კახაბერ ოქრიაშვილი ცვლილბებეს მხარს არ დაუჭერდა.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი