ახალი ამბები

დაადასტურეს, რომ გაბუნია იყო სამიზნე — გვარამია

19 ივნისი, 2020 • 1499
დაადასტურეს, რომ გაბუნია იყო სამიზნე — გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოში გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმის ფარგლებში მკვლელობის სამიზნე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო. გვარამიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„პროცესზე ამის უარყოფა არ მოუხდენიათ, დაადასტურეს, რომ ეს გიორგი გაბუნიაა. მე რომ ეს ვკითხე, დღემდე არ დაგიდასტურებიათ-მეთქი, გაუკვირდათ, როგორ არ დაგვიდასტურებიაო. ვუთხარი, არ გითქვამთ სახელი და გვარი, ახლა ვხვდები, რაკიღა მე და გაბუნია გამომიძახეთ, ალბათ ამას უკავშირდება-თქო, იქ უარყოფა ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა“, — აღნიშნა გვარამიამ, რომელმაც დღეს გამოძიების კითხვებს სასამართლოში უპასუხა.


15 ივნისს ფორმულამ და შემდეგ „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

რუსეთის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად საბუთების გაყალბების საქმეში ედება. მისი ადვოკატი სამართლებრივ პოზიციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს

მასალების გადაბეჭდვის წესი