ახალი ამბები

“უკრაინაში ჩემს მეგობრებს დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის” – გვარამია გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე

19 ივნისი, 2020 • 1339
“უკრაინაში ჩემს მეგობრებს დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის” – გვარამია გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, უკრიანული საიტის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს შეიცავდეს (მისი ავთენტურობა არაა დადასტურებული) „მონტაჟის გზითაა შექმნილი“.  თუმცა გვარამიამ აღნიშნა, რომ საუბარში „ამ [გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის] საქმესთან დაკავშირებით რაღაცები აშკარად არის“.

ამ საუბარში, სავარაუდოდ, ადეიშვილი აცხადებს, რომ გვარამიამ გაბუნიას საქმეზე იჩქარა, არ უნდა ესაუბრა, არ უნდა ეხსენებინა უკრაინა და  ისინი “უხერხულ მდგომარეობაში” ჩააყენა თავისი განცხადებებით უკრაინასთან დაკავშირებით.

„ეს ჩანაწერი რომ შექმნილია სიტყვა-სიტყვით, მონტაჟის გზით, ორჯერ ორი ოთხია. მე ამ ინფორმაციის მიღების მერე რამდენიმეჯერ ვცადე – მიმოსვლა არ იყო, თორემ ღიად ვცდიდი, ჩავიდოდი უკრაინაში ამის გასარკვევად- რამდენიმეჯერ ტელეფონის მეშვეობით ძალიან გვერდითა შემოვლებიდან, სააკაშვილი-ადეიშვილი არ დამისახელებია, თვითონ დაასახელეთ, ჩემს, ზოგადად გეუბნებით, ნაცნობებთან უკრაინაში არა მხოლოდ ქართველებთან, არა მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლებთან, არამედ მედიის წარმომადგენლებთანაც ვცადე დამეზუსტებინა. არავითარი დადასტურება იქიდან არ მოსულა, არ იცოდნენ ან არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მე ასე ჩავთვალე. კიდევ ერთხელ გეტყვით, მე ბოლომდე ამ ინფორმაციის სიზუსტის არ მჯეროდა, ვუშვებდი მაღალ ალბათობას, რომ ეს ჩვენი დაზაფრისთვის არის გაკეთებული, თუმცა, რა ალბათობაც უნდა დაუშვა, ტვინში ყოველთვის გირტყამს, რომ შეიძლება ეს მართალი იყოს 1 პროცენტით, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო.

რაც შეეხება უკვე რომ გამოცხადდა ეს ყველაფერი, დაიდო იგივე “ფორმულას” მიერ და გადატირაჟირდა სხვა მედიების მიერ, მე ასევე მქონდა მქონდა ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან უკრაინაში და მათ დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის, ისინი თვლიან, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააშინონ ჩვენი ჟურნალისტები“, — განაცხადა გვარამიამ.


15 ივნისს ფორმულამ და შემდეგ „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

რუსეთის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად საბუთების გაყალბების საქმეში ედება. მისი ადვოკატი სამართლებრივ პოზიციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი