ახალი ამბები

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის კილერი, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია — გვარამია

19 ივნისი, 2020 • 991
ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის კილერი, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია — გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეკვეთილ განზრახ მკვლელობის შესახებ გამოძიების ფარგლებში იქნა დაკავებული, არა „კილერი“, არამედ მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის კილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, შესაბამისად, თანამზრახველი ეყოლება“, — აღნიშნა მან.

კითხვაზე, არის თუ არა ბოკოვის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქე, გვარამიამ უპასუხა, რომ მისთვის ასეთი ინფორმაცია ცნობილი არ არის და რაც იცოდა, უვკე განუცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.


15 ივნისს ფორმულამ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაციას, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

რუსეთის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად საბუთების გაყალბების საქმეში ედება. მისი ადვოკატი სამართლებრივ პოზიციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი