ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი ֏2 მლრდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

18 ივნისი, 2020 • 1758
ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი ֏2 მლრდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ერევნის სააპელაციო სასამართლოს 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ ნიკოღოსიანმა გამოაცხადა. ქოჩარიანს 2 მლრდ სომხური დრამის (დაახლოებით 4.1 მლნ აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა.

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პირველად 2018 წლის 27 ივლისს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააკავეს. მას „კონსტიტუციური წყობის დამხობა“ ედება ბრალად.

2018 წელს სომხეთში ახალი ხელისუფლების, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშიანიანის მოსვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსნებზე რიგი საქმეები აღიძრა, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანზე.

ქოჩარიანი დააკავეს 2008 წლის 1-2 მარტის აქციის დაშლასთან დაკავშირებით. თავად ქოჩარიანი მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ფაშინიანი სასამართლოზე ზეწოლას ახდენს.

ქოჩარიანი პირველად დაპატიმრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა 2019 წელს ხელახლა დააპატიმრეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.

საქმე შეეხება 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებს, როდესაც მიტინგის დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს სწორედ რობერტ ქოჩარიანი იკავებდა.

2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაწყებული დემონსტრაციების პასუხად ქოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მასობრივი საპროტესტო აქციებისას ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოძიებული.

ნიკოლ ფაშინიანი მაშინ ლევონ ტერ-პეტროსიანის, ოპოზიციონერი კანდიდატის (ამავე დროს, პირველი პრეზიდენტის) საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. მან ორწლიანი პატიმრობა მოიხადა ამავე საქმეზე, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

სომხეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საგამოძიებო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი მარტის მოვლენების გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არსებობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ედება ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიკაელ არუტუნიანს.


ევროპის სახალხო პარტიის [EPP] თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა 17 ივნისს განაცხადა, რომ პარტია „შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიის უკუსვლის არაერთი შემთხვევით“ და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, „ თავი შეიკავოს ოპოზიციაზე ზეწოლისაგან“.

შეშფოთებულნი ვართ სომხეთში დემოკრატიის უკუსვლით – ტუსკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი