ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეშფოთებულნი ვართ სომხეთში დემოკრატიის უკუსვლით – ტუსკი

18 ივნისი, 2020 • 1213
შეშფოთებულნი ვართ სომხეთში დემოკრატიის უკუსვლით – ტუსკი

„ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიის უკუსვლის არაერთი შემთხვევით“, – აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის [EPP]თავმჯდომარე დონალდ ტუსკი.

„მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპოზიციაზე ზეწოლისაგან“, – დაწერა ტუსკმა ტვიტერზე 17 ივნისს.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა სომხეთის ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, პარლამენტარის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სახლი გაჩხრიკეს, ის კი 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ უშიშროების შენობაში დაკითხვაზე; მას ასევე გაუუქმეს სადეპუტატო იმუნიტეტი;

წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამ საქმეზე, — უკანონო სათამაშო ბიზნესი, მიწის ნაკვეთების მისაკუთრება და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვა;

წარუკიანი და მისი მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მისმა ადვოკატმა, ტიგრან ათანესიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ დაუშვებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.

17 ივნისს ერევნის სასამართლომ გადადო წარუკიანის დაპატიმრების მოთხოვნის განხილვა. პროცესი დღეს, 16:30 საათზე გაგრძელდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 ივნისს უარყო ბრალდებები წარუკიანის დაკავების პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით.

გაგიკ წარუკიანის პარტია უდიდესი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი გამოცემის თანახმად, წარუკიანმა 5 ივნისს მწვავედ გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა Covid-19-ის პანდემიის კრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის გამო, რასაც მმართველმა გუნდმა ასევე მწვავე განცხადებებით უპასუხა.


დონალდ ტუსკმა ასევე დაწერა, რომ მისი პარტია ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი