ნეტგაზეთი | ანა დოლიძე თავისი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე ჯერ არ საუბრობს ანა დოლიძე თავისი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე ჯერ არ საუბრობს – Netgazeti

ანა დოლიძე თავისი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე ჯერ არ საუბრობს

მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელმა ანა დოლიძემ, რომელიც იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრიცაა, დღეს, 18 ივნისს, არ უპასუხა კითხვებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ და თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

“ჩემი მოძრაობის, “ხალხისთვის”, ფინანსებთან დაკავშირებით მე არაერთხელ მაქვს გაცემული პასუხი ტელევიზიით და მექნება პრეზენტაცია, სადაც დავპატიჟებ ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი კითხვები”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც დაფინანსებას შეეხებოდა.

მოგვიანებით ანა დოლიძეს დაფინანსების შესახებ კითხვა დაუსვეს ტვ “პირველის” ეთერში, სადაც იგივე პასუხი გასცა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში პრეზენტაციას გეგმავს.

ანა დოლიძის ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ კითხვები საჯაროდ დასვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასევე არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

“როდესაც არამოსამართლე წევრს აქვს დაფინანსება, ეს აკრძალულია. კანონი მკაცრ შეზღუდვებს გვიწესებს. მე არ მაქვს უფლება, მქონდეს ანაზღაურება, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა. ეს ნიშნავს, რომ კანონი მეუბნება, შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი ყველასგან და არ უნდა გქონდეს აფილაციები და ინტერესები ვინმესთან, თუნდაც ბიზნესინტერესები იყოს ეს. მით უმეტეს, თუ საუბარია იმაზე, რომ დაფინანსება მიიღოს პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში.

გადაცემის წამყვანმა ეკა მიშველაძემ ნაზი ჯანეზაშვილს შეახსენა ანა დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ ამავე ტელეარხის ეთერში ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, დაფინანსებას “ხალხისგან შემოწირულების სახით იღებს”. ნაზი ჯანეზაშვილისთვის ეს დამაჯერებელი არ არის.

“ეს არის თვალთმაქცობა ჩემთვის. 500-100 ლარით, რომელსაც მოქალაქეები ურიცხავენ და მან ახლა დაიწყო საჯარო კამპანია ამაზე, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ასე ჩანს, მას მრავალი თვეა ჰყავს აპარატი, აქვს ოფისი, ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა. ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ მან 9 თვის განმავლობაში იმდენი დაფინანსება მიიღო ხალხისგან, რომ ამ ყველაფერს აკეთებს”, – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენებზე, აფილაციებსა და გაუმჭვირვალობაზე, თავად არ უნდა ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. მისი აზრით, ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მან უნდა დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებს ანა დოლიძე და ე.წ. სასამართლო კლანთან ერთად მის წინააღმდეგ მოქმედებაში, ასევე, “ქართულ ოცნებასთან” აფილაციაში ადანაშაულებს.

ჯანეზაშვილი სათავეში უდგას კლანის კამპანიას ჩემი იმიჯის დასაზიანებლად – დოლიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.