აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი „ტვიტერში“ წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ გამოავლინა კომპრომისზე [წასვლის] შესანიშნავი სურვილი და ახლა უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა“.
„ქართულმა ოცნებამ გამოავლინა კომპრომისზე [წასვლის] შესანიშნავი სურვილი, ახლა უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და მიიღოს საკონსტიტუციო რეფორმები. ქართული დემოკრატია ძლიერია და სარგებელს მიიღებს ოქტომბერში კონკურენტიანი [საპარლამენტო] არჩევნებიდან“, — წერს კარპენტერი.
რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.
8 მარტს ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე, რომლის თანახმადაც 120 მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება, 30 კი მაჟორიტარული იქნება. ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმებით ასევე გათვალისწინებული იყო გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას გათავისუფლება, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ასეთი შეთანხმება არ ყოფილა.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა.