ახალი ამბები

TI სუს-სა და პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ივანიშვილის ნათესავის ტენდერებში გამარჯვება

18 ივნისი, 2020 • 1294
TI სუს-სა და პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ივანიშვილის ნათესავის ტენდერებში გამარჯვება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო.

ორგანიზაციის ცნობითვე, ტოგონიძე ივანიშვილის დის – მაგული ივანაშვილის მულის ქმარია. TI-ის თანახმად, ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს “მშენინვესტი” კი, რომლის 100% წილსაც ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა. ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 14 998 590 ლარი შეადგინა. შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

“მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია. შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ტოგონიძესა და შპს “მშენინვესტთან” 2014-2016 წლებში საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამური ღირებულებით 388 112 ლარი”, – აცხადებენ TI-ში.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ორგანიზაციის ცნობითვე, ტოგონიძესა და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა  ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. ამასთან, 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

თავად ტოგონიძე 2017-2018 წლებში შპს “საჩხერგზას” დირექტორიც იყო. შპს “საჩხერგზამ” ამ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის 2 ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 120 521 ლარია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ორგანიზაცია სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, თავად ტოგონიძისა და შპს  “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი