ახალი ამბები

“ნუ უფრთხიან რუსეთთან საუბარს” – გოცირიძე გაბუნიას საქმეზე სახელმწიფოს პოზიციას აკრიტიკებს

17 ივნისი, 2020 • 1188
“ნუ უფრთხიან რუსეთთან საუბარს” – გოცირიძე გაბუნიას საქმეზე სახელმწიფოს პოზიციას აკრიტიკებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან  გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შესაბამისი პასუხი გასცეს რუსეთს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ გაახმიანა.

გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას თავხედურს უწოდებს კადიროვის რეპლიკებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მოსკოვს “ენის მოჩლექით” ესაუბრება.

“კადიროვის განცხადება, ეს არის თავხედური განცხადება. ესაა ტერორისტის განცხადება. ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს. თქვან, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეს თავს ესხმოდა ტერორისტული სახელმწიფო მისი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეკვეთით. უნდა დაიცვან მათ ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოქალაქის ინტერესები. ნუ უფრთხიან რუსეთთან საუბარს და ნუ ელაპარაკებიან მას ენის მოჩლექით”, – აღნიშნა მან.

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქეს სწორედ მისგან ჰქონდა დავალებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

“ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც”, – RIA-ს ცნობით, კადიროვმა ამის შესახებ განცხადება ტელეგრამით გაავრცელა.

კადიროვმა გიორგი გაბუნიას ასევე “სწორი დასკვნების გაკეთებისა და ჭკუაზე მოსვლისკენ” მოუწოდა. ის ასევე აცხადებს, რომ პუტინის გინებით პირადად დარჩა შეურაცხყოფილი და გაბუნიას გინება “რუსეთში არ დავიწყებიათ”.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, მანამდე კი განცხადებებს “პოლიტიკური ირესახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.

სუსი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთილი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული

მასალების გადაბეჭდვის წესი