ახალი ამბები

“სირცხვილია” 20 ივნისს რუსთაველის გადაკეტვას ითხოვს

17 ივნისი, 2020 • 1306
“სირცხვილია” 20 ივნისს რუსთაველის გადაკეტვას ითხოვს

2019 წლის 20 ივნისის დარბევის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის თაობაზე მოძრაობა “სირცხვილია” შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, 20 ივნისს, 17:00-დან, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვა უზრუნველყონ. აქტივისტების თქმით, სურთ, დემონსტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩაატარონ.

ანონსის თანახმად, აქცია კვირას, 19:00-ზე უნდა დაიწყოს. თუმცა, მოძრაობის განცხადებით, გზის გადაკეტვა ორი საათით ადრეა აუცილებელი გამზირის შეკრებისათვის მოსამზადებლად, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულების გასაკეთებლად და ტერიტორიაზე ხმის სისტემისა და სხვა აუცილებელი ინვენტარის მოსაწყობად.

“გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების – შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.

მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერია, შსს), უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი აქცია ჩავატაროთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცესს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნავენ აქტივისტები.

მოძრაობა სირცხვილია” აქციას 20 ივნისს, 19:00 საათისათვის აანონსებს. მოძრაობა აღნიშნავს, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევიდან 1 წლისთავზე კვლავ არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი. მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა პრემიერია, “სახელმწიფო გადატრიალების” ბრალდებით კი ციხეში სხედან “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.

მოძრაობა ასევე ხაზს უსვამს, რომ დაშავებულთა უმრავლესობას დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, პირობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ამ დრომდე არ სრულდება.

“1 წლისთავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში”, – ამბობენ აქტივისტები.

ისინი მოუწოდებენ 20 ივნისს დაგეგმილ მანიფესტაციაში მონაწილეობის მსურველებს, პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.


საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი