ახალი ამბები

ვინ დაექვემდებარება COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას – სრული სია

17 ივნისი, 2020 • 1281
ვინ დაექვემდებარება COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას – სრული სია

საქართველოს მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.  ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკებითა და მათი ეფექტური მართვის აუცილებლობით ხსნის.

15 ივნისის განკარგულების თანახმად, სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ შემდეგ პირებს:

ა) [Covid-19-ის] შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები;

გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

დ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ე) ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ვ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, ასევე, პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი;

ზ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები;

თ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში:

  •  მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
  • ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

ი) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

კ) ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;

ლ) იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;

მ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

ნ) საკარანტინე სივრცეებში, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

ო) საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალი;

პ) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;

ჟ) „გ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების გარდა სხვა ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;

რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას;

ს) ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;

ტ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);

უ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე, სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;

ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;

ღ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები).


დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი