ახალი ამბები

რას აკეთებდნენ კაცები და ქალები პანდემიის დროს? – კვლევა

17 ივნისი, 2020 • 1883
რას აკეთებდნენ კაცები და ქალები პანდემიის დროს? – კვლევა

რას აკეთებდნენ კაცები და ქალები პანდემიის დროს? – გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მათი აქტივობები კორონავირუსისა და თვითიზოლაციის დროს ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

გამოკითხული ქალების ყველა პასუხი შინ შრომას და საოჯახო საქმიანობას უკავშირდება, მაშინ როდესაც, კაცები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა დასვენება იყო.

ასე გამოიყურება მთავარი საქმიანობის ხუთეული ქალებისთვის: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა.

კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამბობს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა.

მაგალითად, ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი — საჭმლის კეთებაზე.

„პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ და კარანტინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობა გაამწვავა.

რადგან შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ“, – ნათქვამია კვლევაში.


კვლევის სატელეფონო გამოკითხვის კომპონენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით 1069 ადამიანი მოიცვა. მათ შორის, 572 – ქალი და 497 – კაცი. მისი სრული ანგარიში ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.

სწრაფი გენდერული ანალიზი მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ პანდემიაზე რეაგირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებასა და პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გეგმის გენდერული მგრძნობელობის უზრუნველყოფას.

კვლევა ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“ მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი