ახალი ამბები

კაცების 52% ოჯახში ძალადობას “პირად საქმედ” მიიჩნევს – კვლევა

16 ივნისი, 2020 • 2096
კაცების 52% ოჯახში ძალადობას “პირად საქმედ” მიიჩნევს – კვლევა

გაეროს ერთობლივი პროგრამის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში კაცების 33% მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში ქალს უნდა, რომ გააუპატიურონ. ამ აზრს ეთანხმება ქალების 14.6%-იც.

ამასთან, კვლევის მიხედვით, კაცების 34.3% და ქალების 17.1% მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაისვას კითხვა, აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. კაცების 14.4% და ქალების 8.7% კი ფიქრობს, რომ გაუპატიურებული ქალი, როგორც წესი, თავის დაუდევრობით იგდებს თავს ამ მდგომარეობაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოში გაუპატიურების შესახებ მითებთან დაკავშირებით ვითარება მცირედით შეიცვალა:

“მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობა არ დაეთანხმა გაუპატიურებასთან დაკავშირებულ დებულებებს, გასული 5 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე მყოფი რესპონდენტების წილი გაიზარდა. აღნიშნული მიანიშნებს, რომ გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერება, ისევე, როგორც გაუპატიურების შემთხვევების იდენტიფიცირება, გაზრდილია და, შედეგად, ამ ნაწილში წარმოდგენილი დებულებები უფრო სტერეოტიპულად და რეალობისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევა”, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, უნდა აიტანოს თუ არა ქალმა ძალადობა სექსუალური პარტნიორის მხრიდან, რათა ოჯახი შეინარჩუნოს, რაზეც კაცების 17.8% და ქალების 10.1% მიიჩნევს, რომ ქალმა უნდა აიტანოს ძალადობა ოჯახის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, კაცების 18% და ქალების 13.6% ფიქრობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს. კაცების 34.1% და ქალების 24.5% მიიჩნევს, რომ ქალს არ შეუძლია ქმართან სექსზე უარი თქვას. ცოლ-ქმარს შორის ძალადობას ოჯახის პირად საქმედ კი მიიჩნევს კაცების 52.5 და ქალების 35.0 პროცენტი. ისინი თვლიან, რომ ოჯახში ძალადობის შემთვევაში სხვა მათ საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით სამიდან ორი ქალი ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ამ აზრს კი ყოველი მეორე კაცი ეთანხმება.

“ქალთა მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს ქალი რესპონდენტების 65 პროცენტი, მაგრამ ამ აზრზე კაცი რესპონდენტების 47 პროცენტია. საპირისპიროდ, კაცების დაახლოებით 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ამ აზრს ქალების მხოლოდ 25 პროცენტი იზიარებს. შეხედულება ქალების მიმართ ძალადობის ფართოდ გავრცელების შესახებ, შესაძლოა, რეალური ვითარების არასათანადოდ შეფასებით ან ქალების მიმართ ძალადობის სახლის გარეთ, საჯარო სივრცეში ჩადენით იყოს გამოწვეული”, – აღნიშნულია კვლევაში.


კვლევის “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” შედეგად 2408 რესპოდენტი მონაწილეობდა. მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296- ქალი.

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში (თბილისში, კახეთში, იმერე­თში, სამეგრელო-­ზემო სვანეთსა და გურიაში).

კვლევა გამოქვეყნებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეხედულებებს.

მომზადებულია Promundo–ს მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
კვლევის საველე სამუშაო შესრულდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

ავტორები: დებოლენა რაკშიტი და რუთი ლევტოვი, მომზადებულია იაგო კაჭკაჭიშვილის ტექნიკურ ანგარიშზე დაყრდნობით

მასალების გადაბეჭდვის წესი