ახალი ამბები

თამთა მიქელაძის გამოკითხვამ შესაძლოა, EMC-ის მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს – EMC

16 ივნისი, 2020 • 2213
თამთა მიქელაძის გამოკითხვამ შესაძლოა, EMC-ის მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს – EMC

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) შეფასებით, სუს-ში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი.

EMC-ისთვის პრობლემურია ამავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის მიწვევა და მიაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა, EMC-ის მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს.

EMC-ის აზრით, გამოძიება უნდა მიემართებოდეს ულტრაკონსერვატიულ ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.

“უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არამხოლოდ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა.

უნდა აღინიშნოს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოქცევის პრობლემა, რომელიც უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის უსაფრთხოების მზერით დანახვისა და ამ პერსპექტივის დომინირების პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC ესწრებოდა რამდენიმე აქტივისტის გამოკითხვას. ორგანიზაციის განცხადებით, მათ წარმომადგენელს სუს-მა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ მექანიზმის გამოყენება გამოძიების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის შემცირებას ისახავს მიზნად და გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს.

როგორც EMC აცხადებს, სწორედ ამ შეზღუდვის გამო, მათთვის შეუძლებელია საზოგადოებას მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. ორგანიზაციისვე შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ასევე ფორმულირება, საკმაოდ პრობლემური იყო და აჩენდა აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას.

“რიგ შემთხვევაში, როდესაც აქტივისტები რეგიონში არსებულ პრობლემებზე საკუთარ აზრის გამოხატვდნენ, საგამოძიებო ორგანო დასმული კითხვებით თითქოს ადანაშაულებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის შექმნაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუსი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების აშკარა სამართლებრივ ლოიალობას ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC-ის ინფორმაციით, ბოლო წლებია საქართველოს აზერბაიჯანელ თემში ჩანს ადგილობრივი აქტივისტების  თვითორგანიზება სოციალური ცვლილებებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და მათი რიტორიკა სამოქალაქო ნაციონალიზმის, თანასწორობის და სოლიდარობის იდეებს ეფუძნება.

“მათ განცხადებებში აშკარად ჩანს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან ღრმა ემოციური კავშირი და თვითიდენტიფიკაცია. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს აქტივისტების ეს ხმა და ამ სოციალური პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ არ ესმის და ამ უნიკალურ რესურსს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებისთვის არ იყენებს. მათ შორის, პარლამენტს, მთავრობასა ან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს არ აქვს ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის რეგულარული და ინსტიტუციონალიზებული ფორმატები”, – ამბობს EMC.

EMC ამბობს, რომ ცდილობს, საკუთარი მუშაობით ხელი შეუწყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოსა და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და მათი მუშაობის მიზნების, პოლიტიკის კრიტიკისა და იდეალების გაზიარება სუს-ისთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა ბუნდოვანი მიზნების, კონტექსტისა და არაგამჭვირვალე პროცედურით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა მის საქმიანობასთან ირიბად დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის გამოვლინებაა.

EMC-ის მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯაროდ დააზუსტოს, თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება;
  • არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა;
  • მთავრობამ შექმნას დემოკრატიული სადისკუსიო სივრცე ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის და ის ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ინკლუზიის იდეებისა და პრინციპების განუხრელ დაცვასა და პატივისცემას დააფუძნოს;
  • გაიაზროს არადომინატურ ეთნიკურ ჯგუფებში მიმდინარე უნიკალური დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესები და შექმნას ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის მყარი და ინსტიტუციონალიზებული ფორმატები;
  • გაიაზროს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოთავსების პრობლემურობა და შეცვალოს აღნიშნული წესი;
  • სახალხო დამცველმა გაწიოს სუს-შიმი მდინარე გამოძიების პროცესზე მონიტორინგი და საკუთარი შეფასებები დროულად გაუზიაროს საზოგადოებას.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი