ახალი ამბები

კონგრესმენ ბეიკონის განცხადება წერტილს უსვამს სპეკულაციას – ზალკალიანი

15 ივნისი, 2020 • 969
კონგრესმენ ბეიკონის განცხადება წერტილს უსვამს სპეკულაციას – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, დონ ბეიკონის განცხადება 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტზე „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თავდაპირველ შეფასებებს, რომ მსგავსი დოკუმენტების შედგენის მეთოდოლოგია განსხვავებულია.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს თავდაპირველ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგია არის განსხვავებული. თავად იმ ანგარიშში, როგორც კონგრესმენი ბეიკონი ამბობს, არის ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებები და თეზისები. არის საქართველოს ძალიან მხარდამჭერი გზავნილები, სადაც საუბარია სტრატეგიული პარტიორობის უმაღლეს დონეზე და ის წინადადება [ივანიშვილზე] საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” კვლევითი კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

“ეს ძალიან კარგად განმარტა აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წრამომადგენელმა, ჩვენ ვიხილეთ ელჩის განმარტებები და, მე მგონი, ის განცხადება, რაც კონგრესმენმა გააკეთა, კიდევ ერთხელ საბოლო წერტილს უსვამს ამ სპეკულაციას”, – დასძინა ზალკალიანმა.

13 ამერიკელი კონგრესმენიდან — რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი — ერთ-ერთმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა. კონგრესმენ დონ ბეიკონს კითხვა დაუსვა საქართველოში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ოლეგ კუროპტევმა ონლაინ-გადაცემა „სასაზღვრო ზონაში“ [ Пограничная ZONA]. კონგრესმენმა ბეიკონმა უპასუხა:

„მე არ დამიწერია ეს ნაწილი. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები გვყავდა მოწვეული დოკუმენტის შესამუშავებლად. ვიტყოდი, რომ მე ამ დოკუმენტის უფრო სტრატეგიულ ნაწილზე ვმუშაობდი. ჩვენ გვინდა სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან. საქართველო ჩვენი მეგობარია. საქართველოს ხალხი ჩვენი მეგობარია.

იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე. უკრაინა, უკრაინის ხალხი, გვინდა, რომ დასავლური გუნდის წევრები იყვნენ. გვინდა გუნდი  დასავლური ღირებულებების ქვეყნებისა, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგებიან და რომელთა გვერდითაც ჩვენ ვიდგებით. საქართველო და უკრაინა.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს — არ მინდა, ყველა რუსი დავადანაშაულო, მაგრამ პუტინს და მის გუნდს — ჰყავთ მოკავშირეები ამ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ღირებულებებს, რისიც ჩვენ გვჯერა“.

რა თქვა კონგრესმენმა ბეიკონმა ივანიშვილსა და ლობისტებზე – სრულად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი