ახალი ამბებიეკონომიკა

მაისში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა – რა ახსნა აქვს საქსტატს

15 ივნისი, 2020 • 3319
მაისში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა – რა ახსნა აქვს საქსტატს

2020 წლის მაისში საარსებო მინიმუმმა 189.6 ლარი შეადგინა და აპრილთან შედარებით საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა.

საქსტატის თანახმად, 189 ლარი “შრომისუნარიანი ასაკის კაცის” საარსებო მინიმუმია, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 318 ლარი იყო.

საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.

ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია (კკალ — ენერგიის ერთეული) გამოუვიდეს.

საქსტასტის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვასილ წაქაძე მაისში აპრილთან შედარებით საარსებო მინიმუმის კლებას შემდეგნაირად ხსნის:

“ზოგადად, საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სასურსათო კალათას ეფუძნება. ეს კალათა განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის 2004 წლის ბრძანებით და ჩვენ ამ პროდუქტების ფასებზე დაკვირვებას ვახდენთ. ამ პროდუქტებზე ფასების ცვლილება საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის ცვლილებას იწვევს. შესაბამისად, მაისის თვეში საარსებო მინიმუმის კლება განაპირობა ამ კალათაში შემავალ ზოგიერთ პროდუქტზე, ძირითადად სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე, ფასების შემცირებამ”.

გარდა სურსათისა, საარსებო მინიმუმი  არასასურსათო კალათასაც მოიცავს, რომელსაც მეთოდოლოგია არ აზუსტებს, ანუ საქსტატი არ აღწერს, უშუალოდ რა შედის არასასურსათო კალათში. არასასურსათო კალათა, იდეაში, ნებისმიერ არასასურსათო ხარჯს გულისხმობს, აუცილებლად საჭირო ნივთსა თუ მომსახურებებას, — კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას და ა.შ.

წაქაძე განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიით სასურსათო ნაწილი მთლიანად საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს, შესაბამისად, როდესაც საქსტატი სასურსათო კალათის ღირებულებას მთლიანობაში დაიანგარიშებს, ამას საარსებო მინიმუმში შემავალი სხვა კომპონენტების 30% ემატება. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუკი მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება, პირობითად, 70 ლარია, არასასურსათო კალათისთვის 30 ლარი გამოიყოფა; თუ კალათის ღირებულება 140 ლარი იქნება, არასასურათო კალათისთვის ავტომატურად გამოიყოფა 60 ლარი. აქედან გამომდინარე, წაქაძე გვეუბნება, რომ ძირითადად სურსათზე ფასების ცვლილება განაპირობებზე საარსებო მინიმუმის განსაზღვრას.

2020 წლის მაისში წინა წელთან შედარებით სურსათზე ფასები 14.7 პროცენტით გაიზარდა, თუმცა თვიური ინფლაცია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 0.06%-ით შემცირდა. საქსტატის წარმომადგენელი განმარტავს, რომ იმ 40 პროდუქტზე, რასაც საქსტატი ითვლის სასურსათო კალათაში, მაისში აპრილთან შედარებით ფასი შემცირებულია. ის სწორედ ამით ხსნის მაისში საარსებო მინიმუმის შემცირებას.

“რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაციის გაანგარიშების დროს იქ შედის ბევრად მეტი სახეობის პროდუქტი, ხოლო სასურსათო კალათა ითვალისწინებს კონკრეტულად 40 პროდუქტის ღირებულებას. თვიური მაისის ინფლაციაც რომ ნახოთ, სურსათზე ინფლაცია შემცირდა”,-აცხადებს წაქაძე.

საქსტატის ცნობითვე, 2019 წლის მაისის საარსებო მინიმუმი 190.1 ლარი იყო. საქსტატის თანახმად, ერთ წელში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ნეტგაზეთის კითხვაზე, გასულ წერლთან შედარებით რატომ შემცირდა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ინფლაციის გათვალისწინებით, საქსტატის წარმომადგენელი გვპასუხობს:

“აქაც იგივე პასუხი უნდა გაგცეთ, რადგან ინფლაცია ძალიან ბევრი პროდუქტის ფასით ანგარიშდება, საარსებო კალათაში კი კონკრეტული 40 პროდუქტი შედის. შესაძლებელია, რომ ყველა პროდუქტზე ჯამურმა ღირებულებამ მოიმატოს, მაგრამ კონკრეტულად ამ 40 პროდუქტის ჯამური ღირებულება შემცირდეს, რაც ამ მაისის თვეში მოხდა.”

ამავე თემაზე გირჩევთ

რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

მასალების გადაბეჭდვის წესი